სამინისტროს ინფორმაციითვე, არ ფუნქციონირებს მოქალაქეთა მისაღები, სამინისტროსა და ქონების მართვის სააგენტოს კანცელარიები, საჯარო რეესტრის განყოფილება, შეჩერებულია მეწარმეთათვის წარმოშობის სერთიფიკატის გაცემის პროცესი, ვერ ხერხდება მოქალაქეებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა, შეფერხებულია სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის სისტემის მუშაობა და არ მუშაობს საშვთა ბიურო.
სამინისტროს პარალიზების მიზეზი გუშინ, 23 იანვარს, 14.00 საათისთვის ეკონომიკის სამინისტროში შეჭრილი მოქალაქეთა ჯგუფია, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან სოციალურად დაუცველები და სამინისტროსგან მოითხოვენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ და მათ მიერ უკანონოდ დაკავებული თბილისში მდებარე ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობის საკუთრებაში გადაცემას.
“სამინისტროში შემოჭრილმა მოქალაქეებმა დაიკავეს შენობის პირველ სართულზე განთავსებული მომსახურების ცენტრი. მოქალაქეთა ამ ჯგუფს ხელისუფლებამ, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე რამდენჯერმე შესთავაზა ბინის ქირის გადასახდელად თანხით უზრუნველყოფა მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. თუმცა შეთავაზებულ წინადადებაზე ისინი კატეგორიულ უარს აცხადებენ,”- აცხადებენ სამინისტროში.
სამინისტროში შემოჭრილი პირები მოითხოვენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრას, რაც ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეუძლებელია.
“ბატონი გიორგი კვირიკაშვილი ამჟამად დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება. მოქალაქეთა ამ ჯგუფს მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე შეხვდა. მიუხედავად ამისა, ისინი კატეგორიულ უარს აცხადებენ სამინისტროს შენობის დატოვებაზე, მათი მხრიდან ადგილი აქვს შეურაცხმყოფელ განცხადებებს.”