“რუსეთის ფედერაციის მზაობა საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფით, ღია სამხედრო აგრესიის და ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით ხელყოს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოების ძირითად გამოწვევად რჩება,” – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის 2017-2020 წლების დოკუმენტში.
დოკუმენტის თანახმად, გლობალიზაციის პირობები, კლიმატის ცვლილება, მიგრაციული პროცესები, საერთაშორისო ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება და კიბერსაფრთხეები ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე.
“ამასთან, რუსეთის მზარდი საერთაშორისო ამბიციები ხელს უწყობს დასავლეთსა და რუსეთს შორის კონფრონტაციული ფონის ზრდას, რაც გამოწვევის წინაშე აყენებს ევროპისა და საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. რუსეთის ფედერაციის მზარდი მილიტარიზაცია, სამხედრო ძალების მოდერნიზება და რეგიონზე ზეგავლენის განმტკიცების მცდელობა ზრდის აგრესიის გაგრძელების რისკს, რაც ნათლად დადასტურდა ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების დროს. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შეუსრულებლობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ძალების ყოფნის პირობებში, შენარჩუნდება ფართომასშტაბიანი აგრესიის განახლების საფრთხე,” – აღნიშნულია მიმოხილვაში.
თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, საქართველოზე ზეგავლენის განმტკიცების მიზნით რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „სამართლებრივი საფუძვლების“ შექმნის მცდელობებს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით.
“ამასთან, ნარჩუნდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიროტორიების მიტაცების, სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დაკავებისა და სხვა ტიპის პროვოკაციების საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი არასტაბილურობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და ტრეფიკინგისთვის. რუსეთი გააგრძელებს ძალისხმევას საქართველოს ეროვნული ერთიანობისა და სამოქალაქო თანხმობის დასუსტების, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებისა და მართვადი დესტაბილიზაციის შექმნის მიმართულებით.”
თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის მიხედვით, კრემლი განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს „რბილი ძალის“ ელემენეტების გაძლიერებაზე:
“იმისათვის, რომ უზრუნველყოს სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება, პრორუსული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერება და მოახდინოს დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის დისკრედიტაცია. რუსეთის ფედერაციია პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით განაგრძობს მცდელობას, საქართველოს შეუზღუდოს, როგორც საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერა, ისე თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისაკენ მიმართული საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.”
თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული, ინსტიტუციური და ოპერატიული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებებს (კონკრეტული პერიოდისთვის); აღწერს არსებულ ვითარებას; მიმოიხილავს საფრთხეებს, გამოწვევებს; მიზნად ისახავს საიმედო, ქმედითუნარიანი, ნატოს სტანდარტებთან თავსებადი და შედეგზე ორიენტირებული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას.