ახალი ამბები

გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის საქმეს თავიდან გამოიძიებენ

23 იანვარი, 2013 •
გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის საქმეს თავიდან გამოიძიებენ

შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში შედგა. გოგიტა აბულაძის დის, მანანა აბულაძის განცხადებით, მინისტრს მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები გადასცეს. 

 

თეა წულუკიანი ოჯახს დაპირდა, რომ ყველა მოწმე ახლიდან დაიკითხება და გამოძიებას ის გამომძიებელი ჩაატარებს, ვისაც ოჯახი თავად აირჩევს და ვის მიმართაც ოჯახს ნდობა ექნება:

 

“ოჯახი ერთი წელი საქმის გამოძიებას ითხოვს და, როგორ ჩანს, ძვრა არ არის. როდესაც ადამიანის სიცოცხლის სავარაუდო ხელყოფის ან მისი უგზოუკვლოდ დაკარგვის ფაქტი ხდება, ამგვარი საქმეები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. გამომდინარე იმ კულტურიდან, რომელიც დაამკვიდრა წინა ხელისუფლებამ,  ოჯახი უნდობლობით არის განმსჭვალული სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართ. მე შევეცადე, რომ მასში ეს ნდობა აღმედგინა  და ამეხსნა, რომ ყველას აქვს პროტესტის გამოთქმის უფლება და მოქალაქე, რომელიც სახელმწიფოთი უკმაყოფილოა, უნდა გამოთქვამდეს პროტესტს იმისთვის, რომ თავისი უფლებები დაიცვას,”– განაცხადა მინისტრმა.

 

შეგახსენებთ, რომ გოგიტა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს გაუჩინარდა. იგი ანაკლიის მკვიდრია. აბულაძე სახლიდან 18 იანვარს სამსახურში, სასტუმრო  “ანაკლიაში” წავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.  როგორც “ლაივპრესი” იუწყება, ოჯახის წევრებმა აბულაძის წერილი გაუჩინარებიდან ორი თვის შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინეს. 

 

“გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ”,– ნათქვამია წერილში.

 

წერილში ნახსენები მალხაზ პაჭკორია სამეგრელოს რეგიონში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსია. მან ტელეკომპანია „მაესტროსთან“ საუბარში გოგიტა აბულაძესთან კავშირი უარყო.

 

„გამოძახებული ვიყავი. მივეცი ჩვენება. გამოძიებასთან სათანამშრომლოდ ნებისმიერ დროს მზად ვარ. არ ვიცნობდი ამ პიროვნებას, შეხება არ მქონია. ეს ყველაფერი დავაფიქსირე“, – აცხადებს მალხაზ პაჭკორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი