ჩხვირკია და ღოღობერიძე ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს

ბათუმში 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე დააკავა.

“ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ბრალდებით ორი პირი – 1985 წელს დაბადებული მ.ღ. და 1987 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს,”- განუცხადეს ნეტგაზეთს შსს-ში.

გამოძიება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მასობრივი არეულობის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება ანდა ხელისუფლების წარმომადგენლისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობა. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.


 

აქცია ბათუმში 11 მარტს დაიწყო. აქციის მიზეზად მონაწილეები ასახელებდნენ ინცინდენტს საპატრულო პოლიციასა და მოქალაქეს შორის. პატრულმა მოქალაქე ჯერ არასწორი პარკირებისთვის დააჯარიმა, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავა. დააკავეს მოქალაქის თანმხლები პირიც. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ პოლიციამ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ამან გამოიწვია სპონტანური აქცია ადგილზე, რომელიც მოკლე ხანში ხალხმრავალი გახდა.

აქცია პოლიციის შენობასთან მალევე გახდა აგრესიული, მონაწილეებმა დაიწყეს ქვების სროლა პოლიციელების მიმართულებით, დაამტვრიეს და დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის და სამოქალაქო პირების მანქანებს, დაამტვრიეს შუქნიშნები. ისმობდა შეურაცხმყოფელი შეძახილები საპატრულო პოლიციის უფროსის მისამართით, სკანდირებდნენ: „აჭარა“, „ბათუმი“, „გორელს რა“ და ა.შ.

აქციაზე დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, პოლიციელები და აქციის მონაწილეები.  დაშავდა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელსაც ქვა მოარტყეს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი