“ჩატარებული სამსახურეობრივი შემოწმებით დადგინდა, რომ 2013 წლის 21 იანვარს სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოს ოპერატიული განყოფილების ინსპექტორი, იუსტიციის ლეიტენანტი ნ.კ. თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა რესტორანში „ბაბილო“, სადაც შელაპარაკება მოუვიდა სუფრის წევრებთან. ინციდენტი გადაიზარდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ინსპექტორმა საქამრედან ამოიღო მასზედ განპირობებული სამსახურეობრივი-საშტატო იარაღი და მიმართა ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი პიროვნებისკენ. თუმცა იქვე მყოფი პირების ჩარევით მოხერხდა ვითარების განმუხტვა”.– ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრო განმარტავს, რომ ოპერატიული განყოფილების ინსპექტორმა ჩაიდინა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის, I პუნქტის, „გ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა ოფიცრის მიერ დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართულ უღირს საქციელში. ასევე უგულვებელყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის #183 ბრძანებით დამტკიცებული ეთიკის კოდექსის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ზემოთ ქმულიდან გამომდინარე, სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოს ოპერატიული განყოფილების ინსპექტორის მიმართ გამოყენებული იქნას კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა – „სისტემის ორგანოდან დათხოვნა“
მეორე შემთხვევაში, სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალის“ ტერიტორიაზე მდებარე სლოტკლუბ „ევროპა-ბეთში“ მომხდარი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტთან დაკავშირებით გამოვლინდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი.
“2013 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 23 საათზე, ე. ჩ. იმყოფებოდა სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალის“ ტერიტორიაზე მდებარე სლოტ-კლუბში „ევროპა-ბეთი“, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კლუბის მომსახურე პერსონალს”–ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრო განმარტავს, რომ სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების დირექტორმა ჩაიდინა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის, I პუნქტის, „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა მის მიერ დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართულ უღირს საქციელში. ასევე უგულვებელყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის #183 ბრძანებით დამტკიცებული ეთიკის კოდექსის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. შესაბამისად, იგი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების სამინისტროდან.