ახალი ამბები

ჩალაგაშვილი: ელექტროენერგიაზე ტარიფის დაწევის მიზეზის დადგენა შეუძლებელია

23 იანვარი, 2013 • • 1145
ჩალაგაშვილი: ელექტროენერგიაზე ტარიფის დაწევის მიზეზის დადგენა შეუძლებელია

სემეკის წერილი
სემეკის წერილი

ასევე, საქართველოს მთავრობას, სს “საპარტნიორო ფონდს, სს “ინტერ რაო ეესს”, სს “თელასს”,  შპს “მტკვარი ენერგეტიკას”, სს “ხრამჰესი–1″–სა და სს “ხრამჰესი–2″–ს  შორის გაფორმებული მემორანდუმი შეიცავს დათქმას აღნიშნული დოკუმენტების კონფიდენციალურად ცნობის თაობაზე. 

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, აღნიშნული არის  ხელმომწერი მხარეების მიერ გაკეთებული დათქმა და  თვითონ ხელშეკრულებაში მათ ჩადეს პუნქტი, რომ დოკუმენტი იყოს საიდუმლო და არ იყოს ხელმისაწვდომი ვინმესთვის.

 

მისივე თქმით, მან არ იცის მიზეზები, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღეს:

 

“ხელმომწერი არის, ერთი მხრივ, მთავრობა და, მეორე მხრივ, კომპანიები, ჩვენ ამის ხელმოწერაში არ ჩაგვრთეს და მონაწილეობა არ მიუღია კომისიას. კომისია დოკუმენტის შექმნაში ჩართული არ ყოფილა. კომისია ჩართული იყო, როდესაც წინასწარი სამუშაოები ტარდება, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ტარიფის დაწევა, რა კუთხით, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო, მაგრამ თვითონ ხელშეკრულების გაფორმებაზე კომისიას არ ჰქონდა უფლებამოსილება, მიეღო რამე სახის მონაწილეობა და ამ სახის დოკუმენტი მივიღეთ, რომელსაც ადევს გრიფი საიდუმლო,”– განაცხადა ჩალაგაშვილმა. 

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ თუ საზოგადოებას ელექტროენერგიაზე ტარიფის დაწევის მიზეზის დადგენა დაჭირდება, ამას ვერავინ დაადგენს. 

 

შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგიის ახალი ტარიფი ძალაში 2013 წლის 1 იანვრიდან შევიდა. ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება 3 თეთრით, დღგ–ს გარეშე, ჯამში კი 3,54 თეთრით მოხდა. 

 

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 27 დეკემბრის სხდომაზე ცვლილებები შეიტანა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ # 33 დადგენილებაში და სს „თელასისა“ და „ენერგო–პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები შეამცირა. 

 

აღნიშნული ცვლილება სახელმწიფოსა და ენერგოკომპანიებს –  სს „ინტერ რაოს“–სა და სს „ენერგო–პრო ჟორჯიას“ შორის დროებითი მემორანდუმის გაფორმებამ გამოიწვია. კერძოდ, 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე სს „თელასის“ მომხარებლები, რომლებიც მოიხმარენ 0–დან 101 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიას, დღგ–ს ჩათვლით 9,94 თეთრს გადაიხდიან, ხოლო აბონენტები, რომელბიც 101–დან 301 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიას მოიხმარენ – 12.46 თეთრს.

 

რაც შეეხება „ენერგო–პრო ჯორჯიას“ აბონენტებს, 0–დან 101 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიის მომხმარებლები დღგ–ს ჩათვლით 9.44 თეთრს გადაიხდიან, ხოლო 101–დან 301 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიის მომხმარებლები, 12.98 თეთრს.

მასალების გადაბეჭდვის წესი