“არ დაგიმალავთ, ჩვენს პარტიაში, “თავისუფალ დემოკრატებში” გვქონდა პოზიციების გაცვლა საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით, ვაპირებთ თუ არა გვყავდეს ჩვენი კანდიდატი, რომელსაც კოალიციას შევთავაზებთ. არ დაგიმალავთ იმასაც, რომ ჩვენ საკმაოდ მძიმე საუბარი გვქონდა პრემიერ- მინისტრთან რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე. პრემიერ- მინისტრს გარკვეული შეშფოთება ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს განხილვა ხდებოდა მასთან შეუთანხმებლად. მე მთლიანად ვეთანხმები მას, რომ ეს კანდიდატურა უნდა იყოს შეჯერებული კოალიციასთან, კოალიციის ლიდერთან. თავად მეც არ მესიამოვნა, რომ ასეთი უხერხული საუბარი შედგა. თუმცა, ეს არის ბუნებრივი. რომ არ გვქონდეს ესეთი ღია საუბრები და პრემიერ- მინისტრი ივანიშვილი რომ არ იძლეოდეს ასეთ ღია საუბრის საშუალებას, ეს იქნებოდა ცუდი,”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დღეს, 22 იანვარს, გადაცემა “აქცენტებში.”
ამასთან, კითხვაზე, განიხილავს თუ არა ალასანია საპრეზიდენტო პოსტზე საკუთარ კანდიდატურას, ამბობს, რომ ეს პრემიერის, ივანიშვილის გადასაწყვეტია.
“მე პირადად ის საქმე, რაც ჩავიბარე და რაც პრემიერ- მინისტრმა გადაწყვიტა, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პატივი, მე ძალიან დეტალებში ვარ ჩართული ამ სფეროში და არც ვფიქრობ და არც იყო ამის დრო, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი და ეს ასეც მოხდება. ჩვენ გვაქვს რამდენიმე თვე, კოალიციას, რომ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენს კოალიციას ეყოლება ღირსეული კანდიდატი, ვინც არ უნდა იყოს ის და იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს.”
გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრის განმარტებით, თავად, როგორც ადრე, ამჟამადაც ქვეყანაში ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობის პირობებში საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრედ რჩება.
ალასანიას თქმით, სწორედ ეს არის ის განსხვავება, რომელიც “თავისუფალ დემოკრატებს კოალიციის სხვა პარტნიორი პარტიებისგან, კერძოდ, “რესპუბლიკური პარტიისგან” გამოარჩევს.
“თუმცა, ჩემი აზრით, ეს რეალურად საზოგადოების გადასაწყვეტი უნდა გახდეს. შეიძლება რეფერენდუმზე, პლებისციტზე საუბარი იყოს სამომავლოდ.”
