ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილი ქვეყანაში საბიუჯეტო კრიზისს პროგნოზირებს

22 იანვარი, 2013 • • 1423
ვანო მერაბიშვილი ქვეყანაში საბიუჯეტო კრიზისს პროგნოზირებს

“მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს სათანადო ზომები, რადგან კრიზისი უკვე დაწყებულია და არსებობს საფრთხე, რომ  გაღრმავდეს და საქართველო დადგეს სერიოზული ფინანსური კრიზისის წინაშე”– განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. 

 

ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, 2011 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5,8 პროცენტი შედგინა, მეორე კვარტალში- 6 პროცენტი, მესამე კვარტალში- 7,9 პროცენტი, ხოლო მეოთხე კვარტალში- 8,5 პროცენტი. 2012 წლის პირველ კვარტალში მშპ – 6,7 პროცენტით გაიზარდა, მეორე კვარტალში -8,2 პროცენტით, მესამეში- 7,5 პორცენტით, ხოლო მეოთხე კვარტალსი მშპ–ს ზრდა 2,3 პროცენტამდე დაეცა.

 

“2012 წლის მეოთხე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 2,3 პროცენტით, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია”– განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

 

“ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა დამატებითი ღირებულების გადასახადის ბრუნვის სტატისტიკაც განიხილა. მისი თქმით, 2011 წლის დეკემბერში დღგ–ს ბრუნვა 8,5 პროცენტი იყო, 2012 წლის დეკემბერში კი ამ სეგმენტში ვარდნამ 1,5 პროცენტი შეადგინა.

 

საქართველოს საწარმოების ბრუნვამ გასულ წელს 17–18 პროცენტი შედგინა. ოქტომბერში ბრუნვა 6 პროცენტი იყო, ნოემბერში -3,6 პროცენტი, დეკემბერში კი – 5,2 პროცენტი. 

 

“ეს მაჩვენებელი ასახავს ეკონომიკური სუბიექტების მიერ განხორციელებულ ბრუნვებს, რაც შემდგომ ეკონომიკურ აქტივობაზე აისახება”– განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

 

მისი თქმით, 2011 წლის ოქტომბერში იმპორტი წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 33 პროცენტით გაიზარდა, 2012 წლის ოქტომბერში ზრდამ 2011 წლის მაჩვენებელთან შედარებით 36 პროცენტი შეადგინა, ნოემბერში კლება იყო 4,7 პროცენტი, დეკემბერში კი იმპორტი 9 პროცენტამდე შემცირდა.

 

რაც შეეხება ექსპორტს, 2012 წლის მეოთხე კვარტალში ექსპორტი 22 პროცენტით შემცირდა.

 

“ყველა ეს ციფრი ერთმანეთთან არის კორელაციაში. მცირდება ეკონომიკური აქტივობა, მცირდება ეკონომიკური ზრდა, რაც შესაბამისად აისახება ჩვენს ბიუჯეტზე”– განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

 

მერაბიშვილმა საბანკო სექტორის სესხების და დეპოზიტების მაჩვენებელიც მიმოიხილა. მისი თქმით, 2011 წლის დეკემბერში სესხების ზრდის წილი 4,2 პროცენტი იყო, 2012 წლის დეკემბერში- 1,7 პროცენტი. დეპოზიტების ზრდა 2011 წლის დეკემბერში 11 პროცენტი იყო, 2012 წელს – 2 პროცენტი.

 

ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ბიზნესზე ხორციელდება სისტემური ზეწოლა, რადგან ეკონომიკური დანაშაულის გამოძიების პროცესში შს სამინისტრო ჩაერთო: “ბოლო 9 წლის განმავლობაში შს სამინისტრო ჩამოშორებული იყო ეკონომიკური დანაშაულის გამოძიებას, ახლა კი ეს უწყება ამ პროცესში ისევ ჩაერთო. ბიზნესის დაკითხვა პოლიციის შენობებში არ წაადგება თვით პოლიციას. ფინანსური გამოძიება არ არის პოლიციის საქმე”.

 

ვანო მერაბიშვილმა ეკონომიკური მაჩვენებლების შეჯამების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობას არ აქვს ერთიანი მკაფიო გეგმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების: “დღეს არც ბიზნესმენმა, მეწარმემ და ფერმერმა არ იცის, რა არის ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი: ტურიზმი, სოფლის მეურნეობა თუ ინფრასტრუქტურა.”

 

მისი თქმით, ქვეყნის ბიუჯეტი კრიზისის პირას 2004 და 2009 წლებში იყო. 2013 წლის ბიუჯეტსაც აქვს ანალოგიური საფრთხე: “ქვეყნის მთავრობამ უნდა გვაცნობოს, რა გეგმები აქვს და როგორ აპირებს კრიზისიდან გამოსვლას. ეს პროცესი ასე სწრაფად არ მოხდება, მაგრამ თუ მთავრობამ რეაგირება არ მოახდინა, ქვეყანაში ფინანსური კრიზისი გარდაუვალია. არათუ გაზრდილი, არაემდ მოქმედი ხელფასების და პენსიების გაცემა ვერ მოხდება.”

 

მერაბიშვილის ინფორმაციით, მთავრობა ბიუჯეტს ვერ ავსებს და გადასახადების წინასწარ აკრეფის მავნე პრაქტიკა აღადგინა: “ეს პრაქტიკა თუ ისევ დაინერგა და ამან სისტემური ხასიათი მიიღო, საგადასახადო–შემოსავლების სისტემის ნგრევა გარდაუვალია”. 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი