“მთვარობის პრველ სხდომაზე, ოქტომბერში პრემიერისგან მივიღე პირველი დავალება, ეს იყო შრომის კოდექსის ცვლილება. პირადი გამოცდილებიდანაც მოგიყვანთ მაგალითს. როდესაც მინისტრი გავხვდი, გარკვეული პერიოდი საკუთარი მანქანით დავდიოდი. ერთხელ ბენზინგასამართ სადგურზე ერთ-ერთმა თანამშრომელმა მკითხა, შრომის კოდექსს ხომ შეცვლიო. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, – ამბობს მინისტრი.
როგორც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, არსებულ შრომის კოდექსში ყველაზე მეტ კრიტიკას როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე შიგნით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის არგუმენტაციის გარეშე გათავისუფლება იმსახურებდა.
“შრომის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებებით ეს საკითხი მთლიანად იცვლება, ასევე იცვლება შრომითი ხელშეკრულების ფორმატი, რომელიც ძირითადად ზეპირ ხასიათს ატარებდა, იყო მოკლევადიანი და დასაქმებულს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობას არ აძლევდა; არასათანადოდ იყო დარეგულირებული კოლექტიური ხელშეკრულების. ფაქტობრივად, არ ანაზღაურდებოდა ზეგანაკვეთური შრომა და ა.შ. აღნიშნული და რიგი სხვა საკითხები ახლებურად დარეგულირდება შრომის კოდექსში,”- აცხადებენ სამინისტროში.
შრომის კოდექსში შესატანი ერთ-ერთი ცვლილებების მიხედვით, კვირაში ზეგანაკვეთურად სამუშაო დრო ისევ 41 საათის შემდეგ ჩაითვლება. თუმცა, 41-48 საათის განმავლობაში მუშაობის შემთხვევაში, ზეგანაკვეთური ანაზღაურება შესაძლოა არ გაიცეს დამსაქმებლის მხრიდან, მაგრამ 48 საათის შემდეგ ყოველი დამატებითი საათისთვის დამსაქმებელი ვალდებული გახდება აუნაზღაუროს დასაქმებულს შრომა.
გარდა ამისა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში დამსაქმებლის მხრიდან, მტკიცების ტვირთი დამსაქმებელზე გადავა. სწორედ მან უნდა ამტკიცოს, რომ შრომითი ურთიერთობის გაწყვეტა დასაქმებულთან სამართლიანი იყო.
“მე დავდე პირობა, რომ როდესაც ეს კანონპროეტი მიიღებდა გარკვეულ ფორმას, თქვენ წინაშე წავრგებოდი და დებატებიც შედგებოდა, ერთად მივიღებდით იმ პროდუქტს, რომელსაც შრომის დაბალანსებული კოდექსი ჰქვია და რომელიც არც მთალიანად დასაქმებულის და არც დამსაქმებლის ინტერესებზე იქნება მორგებული. შრომის კოდექსი, რომელიც არ შეაშინებს ბიზნესსამყაროს და იქნება მოქნილი. ამ შრომის კოდექსს ყველა დასაქმებული ელოდება”- განაცხადა მინისტრმა თეა წულუკიანმა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პრეზენტაციის დროს.
