“ბათუმელები” სიის ყველა წევრს დაუკავშირდა. სტატიაში მხოლოდ იმ მოხელეების კომენტარები მოხვდა, ვინც დაადასტურა პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ახლობლობა. სიაში შედარებით მოკრძალებული ადგილი უკავია არჩილ ხაბაძის კადრებს. სია „ბათუმელებში“ რამდენიმე სხვადასხვა წყარომ წარმოადგინა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მურმან დუმბაძის მეგობარი და თანამებრძოლი მედეა ვასაძე და შალვა ჯინჭარაძე 7 იანვარს ოფიციალურად დაქორწინდნენ. ამ ინფორმაციას „ბათუმელებთან“ თავად შალვა ჯინჭარაძე ადასტურებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო, სამეურნეო და სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ მედეა ვასაძის დეპუტატობას მის უმაღლეს საბჭოში დასაქმებაზე გავლენა არ მოუხდენია.
„მე თანამდებობაზე დავინიშნე ნოემბრის დასაწყისში, შესაბამისად, ჩემი მეუღლის დეპუტატობა ვერაფრით იქონიებდა გავლენას ჩემს დანიშვნაზე. ჩვენ სხვადასხვა გზით მოვდივართ პოლიტიკაში. როდის შევხვდით ერთმანეთს, ახლა მაგას მნიშვნელობა არ აქვს, დაწვრილმანება არ მინდა“, – ამბობს შალვა ჯინჭარაძე.
შალვა ჯინჭარაძეს, როგორც თავად ამბობს, ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება აქვს – ის საქართველოს რკინიგზაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
ინფორმაციას, თითქოს საკადრო პოლიტიკას აჭარაში საქართველოს პარლამენტის წევრი, ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე და მისი ძმები განსაზღვრავენ, კატეგორიულად გამორიცხავს დეპუტატის ერთ-ერთი ძმა, ნუგზარ დუმბაძე. იგი რომელიმე თანამდებობაზე მის დანიშვნასაც უარყოფს:
„მაინც რა თანამდებობებზე უნდა დავინიშნო – საზღვაო აკადემიის რექტორად ან საზღვაო ადმინისტრაციის უფროსად? არსად და არასდროს, სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს არავითარი თანამდებობა. მე ჩემი ბიზნესი მაქვს და ეგეც რომ არ იყოს, თანამდებობაზე უნდა წავიდეს ის, ვინც საქმის სპეციალისტია. მე უფრო ბიზნესი მაინტერესებს“.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის ახალი თანაშემწე, გიორგი გორაძე კი მურმან დუმბაძის დისშვილია. გიორგი გორაძე ამბობს, რომ „დასამალი არაფერი აქვს და ძალიანაც ამაყობს თავისი ბიძით – მურმან დუმბაძით“.
„მართალია, მე ვარ მურმან დუმბაძის დისშვილი, მაგრამ ამას გავლენა არ მოუხდენია ჩემს დანიშვნაზე, რადგან ბატონი ავთანდილ ბერიძე და მე ერთად ვმუშაობდით 5 წელია – მე ვიყავი დირექტორი, ის ბუღალტერი ჩემს კომპანიაში. „ქართული ოცნების“ შტაბშიც მისი თანაშემწე ვიყავი კომპიუტერულ დარგში და როცა წამოვიდა, წამომიყვანა აქეთ“, – ამბობს გიორგი გორაძე.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე ფიქრობს, რომ მისი წარსული გამოცდილება ახალ თანამდებობაზე მუშაობის დროს გამოადგება: „მე გახლდით დაკავებული კერძო ბიზნესში, ვიყავი რამდენიმე შპს-ს, ასევე სარეკლამო კომპანიის დირექტორი, რომელიც აჭარის ტელევიზიას და „ტელეარხ 25“-ს ემსახურებოდა. ამერიკაში დავამთავრე კოლეჯი, შემდეგ ვმოღვაწეობდი ჰოლანდიაში, საქართველოში დავბრუნდი 2006 წელს, აქ ჰოლანდიურ კომპანიას წარმოვადგენდი. ვიყავი „ემსახურე საქართველოს“ წევრი და ვმონაწილეობდი ოპოზიციურ პროცესებში 26 მაისსა და 7 ნოემბერს“.
მურმან დუმბაძის დეიდაშვილი, როსტომ შერვაშიძე აჭარაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეა. როსტომ შერვაშიძეც კატეგორიულად გამორიცხავს მის დანიშვნასთან მურმან დუმბაძის რაიმე სახის კავშირს. ის ამბობს, რომ კერძო ბიზნესი აქვს ბელორუსში და საქართველოში არჩევნებში ოპოზიციის დასახმარებლად დაბრუნდა.
ვიცე-სპიკერის კიდევ ერთი ძმის, ექიმ გურამ დუმბაძის მეგობარი არჩევნების შემდეგ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გახდა. ნუგზარ სურმანიძე მანამდეც ამ სამინისტროში მუშაობდა ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელად. მინისტრი ადასტურებს მის მეგობრობას გურამ დუმბაძესთან:
„გურამ დუმბაძის მეგობარი ვარ 1982 წლიდან, როცა საქართველოში ჩამოვედი. როგორც კოლეგას ვიცნობდი და გვქონდა კოლეგიალური ურთიერთობა. რაც შეეხება ბატონ მურმანს, მე მისი მეგობარი არ ვყოფილვარ, მაგრამ შემოთავაზება მისგან მივიღე. თავიდან ძალიან გამიჭირდა პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ მერე დავთანხმდი, რადგან ამ სისტემაში დიდი ხანია ვმუშაობ და ვიცი, რაც არის სისტემა“.
მარინა ბერიძე, რომელიც მურმან დუმბაძის რძალია, არჩევნების შემდეგ უმაღლეს საბჭოში საორგანიზაციო და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. მარინა ბერიძე ამბობს, რომ უმაღლეს საბჭოში 7 წელი მუშაობდა, შემდეგ კი „მიხეილ მახარაძემ გააგდო“ სწორედ იმიტომ, რომ მურმან დუმბაძის რძალი იყო, ახლა კი „თავის ადგილზე დაბრუნდა“. მარინა ბერიძეს სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით სასამართლო დავებიც აქვს მოგებული.
მარინა ბერიძის ძმა ემზარ ბერიძე კი ქედის მუნიციპალიტეტში პოლიციის უფროსია. შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ემზარ ბერიძე მურმან დუმბაძის ნათესაობის კრიტერიუმით კი არა, „პროფესიონალური კრიტერიუმებით და სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე დაინიშნა“.
შს სამინისტროდან არ მოუწოდებიათ ინფორმაცია, აქამდე რა თანამდებობაზე აქვს ნამუშევარი ემზარ ბერიძეს, სამაგიეროდ მითითებულია ის განყოფილებები, სადაც მას უმუშავია: „ქედის შს რაიგანყოფილების კრიმინალური პოლიცია, ქ.ბათუმის შს სამმართველო, აჭარის ა/რ შსს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველო“.
მურმან დუმბაძის ოჯახთან თავის ნათესაურ კავშირზე არსებულ ინფორმაციას არ იზიარებს აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძე:
„მურმან დუმბაძის რძალი ჩემი ცხონებული მეუღლის და იყო. მეუღლე გარდამეცვალა 10 წლის წინ. მას შემდეგ მე ოჯახი შევქმენი, შვილები გამიჩნდა. ასე რომ, იმ ოჯახთან კავშირი მაქვს მხოლოდ გამარჯობა-გაგიმარჯოთი. ჩვენ აღარ ვთვლით, რომ ერთმანეთთან მოყვრობა გვაქვს“, – ამბობს სულიკო თებიძე.
მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ თანამდებობაზე მუშაობის დაწყება მისი მხრიდან ერთგვარად გაღებული მსხვერპლია:
„ბოლოს როცა დამიბარეს, მითხრეს, რომ სკოლაში მეტნაკლებად ჩახედული ხარ და იქნებ განათლების სისტემაში მომავალი თაობისთვის როგორმე რაღაც მსხვერპლზე გავიდეთო… თუ მეტყვიან, რომ ჩემი თანამდებობა არაკომპეტენტურია და მე ვერ ვერევი ამას, დღესვე დავწერ განცხადებას.
მშვენივრად აწყობილი საქმე მქონდა, ერთ-ერთი ცნობილი რეპეტიტორი ვიყავი ქალაქში – დაახლოებით 30-35 აბიტურიენტი მყავდა. თანამდებობაზე წასვლით ფინანსურად დაახლოებით ხუთჯერ ვიზარალე. შეგიძლიათ ეს ნებისმიერ მათემატიკოსთან გადაამოწმოთ. მე მინისტრობის კანდიდატიც კი ვიყავი. მოიკითხეთ სულიკო თებიძე, მე მგონი, ქალაქში საკმაოდ ცნობადი ვარ“.
განათლების მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე ქეთევან მანელიშვილი ამბობს, რომ ნამდვილად არ არის მურმან დუმბაძის ძმისშვილის ნათლია და იქვე დასძენს, რომ მისი კანდიდატურა თანამდებობაზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გია მასალკინმა და აკაკი ძნელაძემ წარადგინეს.
„მე მურმან დუმბაძის ძმისშვილის ნათლია არ ვარ, მაგრამ ვიცნობ მას. თუმცა, მაგას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მე, ეტყობა, ბატონ გია მასალკინს გავახსენდი – დამირეკეს და როცა მივედი, დამხვდნენ გია მასალკინი და კაკო ძნელაძე. მერე ითქვა, რომ ყველას გაეხარდა ჩემი კანდიდატურა, ყველასთვის მისაღები ვიყავი. არ ვიცი, მურმან დუმბაძე ამ გადაწყვეტილებაში იღებდა თუ არა მონაწილეობას იმდენად, რამდენადაც მერე, უბრალოდ, მოახსენეს ჩემი კანდიდატურის შესახებ“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.
ქეთევან მანელიშვილი ვარაუდობს, რომ მის მიმართ ნდობის გამოჩენა ერთ გარემოებას უკავშირდება: „არჩევნებამდე ბოლო პერიოდში, როდესაც თბილისში “ნაცმოძრაობა” შეიკრიბა, მითხრეს, რომ კაპელას უნდა ემღერა. მე ოფიციალური უარი განვაცხადე – ჩემი ხალხი სხვანაირად აზროვნებს და ვერ დავავალებ-მეთქი. ჩემს კაპელაში იყო ისეთი ხალხი, ვინც პოლიტიკურ მოძრაობას თვალს ადევნებდა და, ალბათ, ჩემი ეს აზრი გაჟღერდა. გარდა ამისა, ალბათ, პროფესიონალურად და კომუნიკაბელურადაც მისაღები ვიყავი ადამიანებისთვის“.
უმაღლეს საბჭოში ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი დეპუტატის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე ჩიტიშვილის ნათესავიც დაინიშნა. გელა ღოღობერიძე იურიდიულ, საკადრო და საქმისწარმოების დეპარტამენტში მოწვეული სპეციალისტია.
“ნათესავი ვარ ალექსანდრე ჩიტიშვილის, შორეული ნათესაობა გვაკავშირებს. დავწერე განცხადება, რომ მიმიღეთ შტატგარეშე მოსამსახურედ-მეთქი და მიმიღეს. რეგლამენტი და შიდა კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს“, – ამბობს გელა ღოღობერიძე „ბათუმელებთან“ და დასძენს – “მე უარვყოფ იმას, რომ ალექსანდრე ჩიტიშვილს აქვს მონაწილეობა იმაში, რომ შტატგარეშე მოსამსახურედ მიმიღეს უმაღლეს საბჭოში“.
გელა ღოღობერიძეს, როგორც თვითონ ამბობს, დაახლოებით ხუთწლიანი საადვოკატო პრაქტიკა აქვს.
უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომისიის აპარატის უფროსად კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის აპარატის ადმინისტრაციის უფროსის, ნუგზარ კეკელიძის მეუღლე – ლეილა ღოღობერიძე დაინიშნა. ლეილა ღოღობერიძე კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს „ბათუმელებთან“ და ამბობს, რომ ამ საკითხის გასარკვევად პრესსამსახურს მივმართოთ.
„დიახ, ნუგზარ კეკელიძის მეუღლე ვარ და ერთ-ერთი თანამებრძოლი მათი გუნდის, მათი პარტიის. დანარჩენში პესსამსახური გაგარკვევთ“, – ამბობს “ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში ლეილა ღოღობერიძე.
ჯანდაცვის კომისიის აპარატის უფროსი ბოლო დრომდე „დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის რესპუბლიკურ ცენტრში“ მუშაობდა. „ბათუმელებთან“ ვრცლად საუბრობს ნუგზარ კეკელიძე:
„მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ანუ ჩემი მეუღლის დანიშვნა ჩემთვისაც მოულოდნელი იყო და ცოტა უხერხული. პრინციპში მქონდა რაღაც მცდელობა, დამებლოკა მეუღლის კანდიდატურა, მაგრამ აპარატის უფროსი არის ფუტკარაძე და მისი თხოვნა იყო, რომ სჭირდებოდა პროფესიონალი ადამიანი ამ თანამდებობაზე და დანიშნეს“.
ნუგზარ კეკელიძე „ბათუმელებთან“ იმ უხერხულობაზეც საუბრობს, რაც არჩილ ხაბაძეს შეექმნა მისი მეუღლის ბიძაშვილის, ლაშა სირაბიძის დანიშვნაზე:
„უქმნის თუ არა ეს ჩვენ მთავრობას დისკომფორტს? – სხვათა შორის, ამ თემაზე მეც მიფიქრია და ბატონ არჩილსაც ჰქონია ამ თემაზე საუბარი. ლაშა სირაბიძე დაინიშნა MЧC-ში ერთ-ერთი განყოფილების უფროსად და ეს მას უქმნიდა დისკომფორტს, მაგრამ ლაშა სირაბიძე დიდი ხანია ეროვნულ მოძრაობაშია და ეს თემა არ უნდა მივაბათ არჩილ ხაბაძესთან ნათესაობას. ადამიანი, რომელიც ჩამოვიყვანეთ თბილისიდან, მუშაობდა მაღალანაზღაურებად სამსახურში. ის ჩამოვიყვანეთ 14 ზონის კოორდინატორად და მშვენივრად გაართვა თავი საქმეს. ის არის ბათუმის ერთ-ერთი კოლორიტი“.
ნუგზარ კეკელიძე ამბობს, რომ ლაშა სირაბიძისთვის უფრო მაღალი თანამდებობაც ემეტება.
ნუგზარ კეკელიძე არ ადასტურებს ინფორმაციას ბათუმის მერიაში აპარატის უფროსად მისი შესაძლო დანიშვნის თაობაზე: „არა, შემოთავაზება არ ყოფილა, ჩემთვის ეს მოულოდნელია და რომც შემომთავაზონ, არ ვიცი, რას ვიზამ. მე არჩილ ხაბაძესთან ერთად ვმუშაობ“.
იმის შესახებ, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის გიორგი თავართქილაძის მეჯვარე არჩილ ხაბაძეა, ხოლო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეჯვარე ირაკლი ჭეიშვილი – მისი ადმინისტრაციის უფროსი, „ბათუმელები ადრეც წერდა.
გარდა ამისა, აჭარის ფინანსთა სამინისტროში თანამდებობას ინარჩუნებს თამაზ ხაბაძეც, რომელიც თანამდებობაზე იქამდე მუშაობდა, ვიდრე მისი შვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდებოდა.
ირინა ურუშაძე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ბათუმის ოფისის კოორდინატორი:
“ყველა უწყებიდან გამოვითხოვთ ინფორმაციას, ვინ დასაქმდა და რა დამსახურებისთვის – აუცილებლად დავინტერესდებით ნეპოტიზმით. ფართომასშტაბიან კვლევას ვგეგმავთ, რომლითაც გამოვავლენთ, სად იყო პრობლემა. შესაძლებელია პროფესიონალი ადამიანები დასაქმდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანონდარღვევით უნდა აიყვანო მოხელე საჯარო სამსახურში. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საკადრო ცვლილებები თუ სამსახურში აყვანა, კანონის ფარგლებში განახორციელონ – მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა არ არის კონკურსის გამოცხადებაზე, ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში პრიორიტეტი მიანიჭონ კონკურსს.
სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, სულ 71 მოხელე დაითხოვეს, მაგრამ ეს არ არის ზუსტი ინფორმაცია. საბოლოო ჯამში, 30-40 მოხელე ნამდვილად არის გაშვებული სამსახურიდან. მათგან დიდი ნაწილი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს, ნაწილი – ბრძანებით. ჩვენი ინფორმაციით, მუქარის მტკიცებულებაც არსებობს – თუ არ დაწერ განცხადებას, მაინც გაგიშვებ, რადგან ატესტაციას ვერ გაივლი და ასე შემდეგ. ზოგიერთს ჩანაწერიც კი აქვს ასეთი გასაუბრების. ამ ხალხმა იძულების საფუძველზე დაწერა განცხადება.
იყო რამდენიმე შემთხვევა, ერთი დადასტურებულად ვიცით, ხოლო დანარჩენი მოწმდება, რომ პირმა, რადგან ხელშეკრულების ვადა გასდიოდა, სთხოვა, რამენაირად სხვა თანამდებობაზე გადაეყვანათ. დაჰპირდნენ, რომ ასე მოხდებოდა. მოლოდინის რეჟიმში იყო, როცა მას ჩააბარეს ბრძანება – „ბოლო პერიოდში სამსახურის გაცდენების გამო გაათავისუფლეს“. ფაქტობრივად, აიძულეს, რომ გაეცდინა სამსახური და შემდეგ ამის გამო გაათავისუფლეს.
ეს პრობლემები საგანგაშოა. ამ ეტაპზე ვაკვირდებით პროცესებს, ატესტაციას უმაღლეს საბჭოში. ტენდენციის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ ნამდვილად არ არის რთული დამოკიდებულება გასაუბრების დროს, თუმცა რამდენიმე პოლიტიკურად მოტივირებული შეკითხვა დასვა საატესტაციო კომისიამ, მაგალითად, „შვებულების დროს რატომ საქმიანობდით პარტიაში?“ ან „რატომ იყავით არჩევნებში ჩართული?“ მართალია, ეს ზოგადად პრობლემაა, მაგრამ ამ საფუძვლით სამსახურში დატოვება-არდატოვების საკითხი გადაუწყვიტო საჯარო მოხელეს, მიუღებელია.
წინა ხელისუფლების დროს, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, სამსახურებიდან ათავისუფლებდნენ იმ პირებს, რომელთაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდათ. მათ ემუქრებოდნენ და ისე აწერინებდნენ განცხადებებს. სიტუაცია ახლა და მაშინ წააგავს ერთმანეთს, რადგან მაშინაც აიძულებდნენ განცხადების დაწერას და ახლაც არის ეს პრობლემა, თუმცა ახლა უფრო მასობრივია, ვიდრე მაშინ.