სამინისტროს მიერ გასულ წელს დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას “ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტი” აქვეყნებს სამინისტროდან მიღებული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე.
როგორც ირკვევა, სოლიდური თანხები აქვს მიღებული შპს “ისტერნ პრომოუშენს” (დირექტორი მიხეილ გიორგაძე). გასულ წელს ამ ორგანიზაციას კულტურის სამინისტრომ 1 356 800 ლარი ჩაურიცხა ახალციხეში კონცერტისთვის; 460 ათასი ევრო – ბათუმში ჯაზ-ფესტივალისთვის, 207 298 დოლარი – 26 მაისს კონცერტის ორგანიზებისთვის, 90 ათასი ლარი – თბილისის ჯაზ-ფესტივალზე ჩიკ კორეას მონაწილეობისთვის, 57 817 დოლარი – კაროლინა კემპბელისთვის.
სოლიდური თანხები აქვს ასევე მიღებული შპს “სტეპ-რეკორდს სტუდიოს” (დირექტორი არჩილ გულედანი). მაგალითად, საერთაშორისო ფესტივალ Tbilisi Open Air Altervision-ის თბილისში ჩატარებისთვის შარშან ეს ორგანიზაცია კულტურის სამინისტრომ 527 ათასი ლარით დააფინანსა; ბათუმის ბუკლვარის ტერიტორიაზე მუსიკალური წარმოდგენის გამართვისთვის – 15 316 ლარით; სვანსეტი ფესტივალისთვის – 5 ათასი ლარით.
შპს “ბიზნეს პროტოკოლ პლიუსი” (დირექტორი – ლევან ლომინაძე) კულტურის სამინისტრომ 2012 წელს 649 711 ლარით დააფინანსა რუსთაველის თეატრში მიუზიკლ “ქეთო და კოტეს” ორგანიზებისთვის, ხოლო საჩხერეში საახალწლო კონცერტისთვის – 76 058 ლარი.
შპს “ფორმულა პროესკო პროდაქშენს” (დირექტორი მიხეილ მშვილდაძე) გასულ წელს კულტურის სამინისტრომ რაჭაზე კლიპის გადაღებისთვის 199 860 ლარი გადაურიცხა, სვანეთის კლიპის გადაღებისთვის – 244 860 ლარი.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრმა 2012 წელს კულტურის სამინისტროსგან 230 565 ლარი მიიღო პატრიარქის საერთაშორისო კონფერენციისთვის. სამინისტრომ პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებული ღონისძიება 48 602 ლარით დააფინანსა.
113 ათასი ლარი მიიღო კულტურის სამინისტროსგან პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო ფონდმა “იავნანა” პარიზში საქველმოქმედო კონცერტის გამართვისთვის, რომელშიც საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მონაწილეობდა.
გასულ წელს კულტურის სამინისტრომ 350 ათასი ლარით დააფინანსა გია თორთლაძის პროექტი “საქართველო ოკუპანტების გარეშე”; 310 ათასი ლარით – ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლისთავისადმი ღონისძიება; 208 004 ლარით – ლექსენის კონცერტი, 200 ათასი ლარით – “მის საქართველო 2012”; 180 000 ლარით – ვახტანგ კიკაბიძის საკონცერტო ტურნე პოლონეთსა და იტალიაში; 179 223 ლარით – გორან ბრეგოვიჩის კონცერტი.