“მოცემულ თემატიკაში მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა ის ავადმყოფური მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდა სახელმწიფო.  როდესაც ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით პოლიტიკოსებმა გამოიყენეს სპეცსამსახურები, ხოლო სპეცსამსახურებმა საშუალებად გამოიყენეს ყველაზე მეტად სენსიტიური და ზნეობრივად ყველაზე მეტად დაგმობადი ქმედება, როდესაც სექსუალურ უმცირესობათა ნაწილის მანიპულირებით ხდებოდა რეჟიმის ლოიალობის დადასტურება ცალკეულ პირთა მიერ, რომლებიც ცნობილი ადამიანები არიან. აი ამ ნიშნით, მე მეჩვენება, რომ ეს დისკუსია ცოტა ზედაპირული და შედარებით თავსმოხვეულია, ემსახურება იმ მიზანს, რომ გადაფაროს  ის ავადმყოფური გამოვლინება, რომელსაც ადგილი ჰქონდა და საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს იმ ასპექტზე, რომელიც სადავო არ არის და არც არავინ ხდის საკამათოდ.  ის, რომ საქართველოში კანონის ფარგლებში დაცული არის სექსუალურ უმცირესობათა უფლებები, ეს დავის საგანს არ წარმოადგენს. პროკურატურისათვის ეს ღირებულება აღიარებულია კანონისა და კონვენციის ფარგლებში”. –განაცხადა კბილაშვილმა. 

 

მისივე თქმით, ვიდეომასალაზე აღნიშნული პირის იდენტიფიცირება მარტივი რომ ყოფილიყო, აქამდე იდენტიფიცირდებოდა, რადგან ვიდეომასალა ერთი კვირაა გავრცელდა. თუმცა ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ პირი შესაძლოა ამოიცნო ოაჯახის წევრმა, რაც საჯარო არ გამხდარა და არ ვიცით,  მთავარმა პროკურორმა უპასუხა:

 

” მოდით, იმაზე ვთქვათ, რაც ვიცით. ვიცით ის, რომ ასეთი არ გამოვლენილა და არც ერთ ადამიანს არც შიგნით, არც გარეთ, არც კულუარულად და არც არაკულუარულად მსგავსი პრეტენზია არც გამოუხატავს და ვერ გამოხატავენ. რამეთუ მტკიცედ იყო ტექნიკოსთა მიერ ნათქვამი, რომ ამ კადრების იდენტიფიცირება შეუძლებელია და თვითონ ფაქტი ადასტურებს ამას.  კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, იმდენად  მძაფრი რეალობის მომსწრე გავხდით, იმდენად დამთრგუნველი და შოკის მომგვრელი იყო, რაც ჩვენ ვიხილეთ, ახლა ეს არის რეაქცია იმ ავადმყოფისა, რომელმაც მიიღო ძალიან მწარე წამალი, მაგრამ ნამდვილად სამკურნალო წამალი და ცდილობს ადამინის ორგანიზმი გადაიფაროს ეს თემა სხვა საკითხებით. ამიტომ, აი, აქ უნდა მოვახდინოთ პრინციპული განსხვავება. საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ეს თემა სექსუალური უმცირესობის საერთოდ ყურით მოთრეულია, იგივე გაკეთდებოდა, ვთქვათ…”

 

კბილაშვილი არ გამორიცხავს, რომ გარკვეული ადამიანები გარკვეულ როლს ასრულებენ, რომ იდეოლოგიური ან პოლიტიკური მიზანი შეასრულონ:

 

“მე მივიღებდი ყველა შენიშვნას, რომ მართლაც ამ საკრალურ სფეროში ყოფილიყო ინდივიდუალიზაცია, მაგრამ როცა ეს ასე არ არის, ამიტომ შეიძლება ადამიანთა ჯგუფი გამოყენებული ყოფილიყო ამ მიზნით”.

 

არჩილ კბილაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვიდეომასალა მეგის ქარდავას დავალებითა და ორგანიზებით გროვდებოდა. მთავარი პროკურორის განცხადებით, ქარდავას წინააღმდეგ ჩვენების გარდა არსებობს სხვა მტკიცებულებებიც, კერძოდ, ბინის დაქირავება, ფულის გადახდა კონფიდენტებისათვის, რომელიც ოპერატიული სახსრებია და სხვა ვერ გაცემდა.

 

კბილაშვილის განცხადებით, გამოძიება პროკურატურამ მიმართვის საფუძველზე დაიწყო, როდესაც პროკურატურას მიმართა პირმა, რომლესაც ფოსტით გაუგზავნეს მასალა და ფულს სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასალა გავრცელდებოდა. მთავარმა  პროკურატურამ 80–მდე ვიდომასალა ამოიღო, რომელზეც ჰომოსექსუალური კავშირია ასახული. პროკურორის განცხადებით, მასალა, რომლზეც ჰეტეროსექსუალური ურთიერთობა იქნებოდა ასახული, პროკურატურას არ ამოუღია.  

 

კბილაშვილის განცხადებით, იმ მასალების გავრცელების საკითხზე, რომელიც პროკურატურამ ამოიღო, პასუხისმგებლობას პროკურატურა იღებს, თუმცა, ვინაიდან მასალა სრულად არ ამოუღიათ და შესაძლოა ის სხვა პირებსაც ჰქონდეთ, მაგალითად, იგივე მეგის ქარდავას, პროკურატურა სხვა პირების  ხელთ არსებული მასალების გავრცელება/არგავრცელების საკითხზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. 

 

კბილაშვილის განცხადებით, პროკურატურას ბოდიში მოსახდელი არ აქვს და სტრუქტურამ სარკის ფუნქცია შეასრულა.  მისივე თქმით,  პროკურატურას აქვს ინფორმაცია და მონაცემები, რომლის თანახმადაც პატიმარს აყურებინებენ, როგორ აუპატიურებენ მისი ოჯახის წევრს. ან ყელამდე მიწაში ჩაფლული ადამიანის თავზე ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ. 

 

კბილაშვილი განცხადებით, აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ვიდეომასალა, არ უპასუხა. 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *