ახალი ამბები

ბედუკაძე: პროკურატურამ გამაფრთხილა, დამატებითი კადრები არ გამევრცელებინა

20 იანვარი, 2013 •
ბედუკაძე: პროკურატურამ გამაფრთხილა, დამატებითი კადრები არ გამევრცელებინა

ეს განცხადება ციხის სკანდალური კადრების ავტორმა ვლადიმერ ბედუკაძემ პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გამართულ ღირსების შეხვედრაზე ჟურნალისტებთან გააკეთა. 

 

შეგახსენებთ, რომ  ვლადიმერ ბედუკაძე 18 იანვარს, გვიან ღამით აეროპორტში ჩამოფრენისთანავე დააკავეს. ბედუკაძეს დაუსწრებლად წაყენებული ბრალი გააცნეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ გლდანის მე–8 საპყრობილეში გადაიყვანეს. ვლადიმერ ბედუკაძის უფლებებს ადვოკატები ლალი აფციაური და ელზა ჯმუხაძე იცავენ. ბედუკაძე აეროპორტში ღამის 1 საათზე ჩამოფრინდა.

 

ვლადიმერ ბედუკაძე 19 იანვარს 2 000 ლარის გიროს სანაცვლოდ გათავისუფლდა.  იგი ბრალს არ აღიარებს.

 

შეგახსენებთ, რომ გლდანის #8 საპყრობილის ყოფილ თანამშრომელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. მას ბრალად ედება ადამიანების წამება. ბედუკაძეზე, რომელიც ბელგიაში იმყოფებოდა, ძებნა ინტერპოლის ცირკულარით იყო გამოცხადებული, 16 იანვარს მასზე ძებნა შეწყდა. ვლადიმერ ბედუკაძე აცხადებს, რომ სწორედ მან გადაიღო გლდანის ციხეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც საქართველოში 18 სექტემბერს გავრცელდა. მისივე თქმით, პატიმრების წამება ყოფილი შს მინისტრის – ბაჩო ახალაიას უშუალო მითითებით ხორციელდებოდა.

 

დღეს, 20 იანვარს მოძრაობა “ერთსულოვნების”  ორგანიზებით “ღირსების შეხვედრა” მოეწყო, სადაც “ერთსულოვნების” წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს  პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდეს, რადგან მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა ამოიწურა. შეხვედრას ვლადიმერ ბედუკაძეც შეუერთდა: 

 

“უფლება არ მქონდა, თქვენთან არ მოვსულიყავი და თქვენს გვერდით არ დავმდგარიყავი. მინდა მივმართო ჩვენს დაყრუებულ პრეზიდენტს, გამოვიდეს თავისი ნებით და განაცხადოს გადადგომის შესახებ, სანამ ქართველი ხალხი არ გამოუტანს საბოლოო განაჩენს. დღეიდან აღარ არის მოქმედი პრეზიდენტი. ერთიანად შევძახოთ : მიშა წადი!”– განაცხადა ბედუკაძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი