ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვის ინაუგურაციის გამო ქართულ მხარესთან გამშვებ პუნქტს ჩაკეტავენ

20 აპრილი, 2017 • 1492
ბიბილოვის ინაუგურაციის გამო ქართულ მხარესთან გამშვებ პუნქტს ჩაკეტავენ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ანატოლი ბიბილოვის ინაუგურაციის გამო, ცხინვალის გადაწყვეტილებით, 21-22 აპრილს ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტი ჩაიკეტება.

დე ფაქტო რესპუბლიკის ჩინოვნიკების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ინაუგურაციის დღეს აუცილებელი უსაფრთხოების ზომების გამო მიიღეს.

მსგავსი ზომა უკანასკნელად 2017 წლის 9 აპრილის არჩევნებისა და რეფერენდუმის დროს მიიღეს. გადაადგილებაზე მსგავს შეზღუდვებს ცხინვალი სხვადასხვა, მათ შორის, ახალი წლის, საშობაო, აღდგომის, 9 მაისის და სხვა დღესასწაულებზე აწესებს. აღნიშნული შეზღუდვები, რომლებიც არაერთხელ გამხდარა ქართული მხარისა და მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი, IPRM-ის ერგნეთის შეხვედრებზეც განიხილება.

ცხინვალში 21-22 აპრილს ელოდებიან დელეგაციებს რუსეთიდან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან, მთიანი ყარაბაღიდან, ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან. ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად არ აღიარებს.

საარჩევნო პლაკატები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში; 2017 ; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

საარჩევნო პლაკატები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში; 2017 ; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი