ახალი ამბები

80 ათასი ლარი მაუწყებლის ახალი ნიუსრუმის პროექტირებაზე საკონსულტაციო მომსახურებისთვის

20 აპრილი, 2017 • 1828
80 ათასი ლარი მაუწყებლის ახალი ნიუსრუმის პროექტირებაზე საკონსულტაციო მომსახურებისთვის

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მე-3 კორპუსის რეკონსტრუქციის და კორპუსის მიმდებარედ ახალი ნიუსრუმის შენობის პროექტირების დაგეგმვის, ზედამხედველობისა და რჩევების მიცემისთვის 80 000-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული მომსახურება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამ ეტაპად უნდა მიიღოს 2017-2018 წლებში. შესაბამისად, მაუწყებელი 2017 წელს 40 000-ს გადაიხდის, ხოლო 2018 წელს- დანარჩენ 40 000-ს. ამ თანხას საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარი სახსრებიდან გაიღებს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პირველი ეტაპი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში. მეორე ეტაპის ვადა, სავარაუდოდ, უნდა იყოს 2017 წლის მესამე კვარტალი, ხოლო მესამე ეტაპის ბოლო ვადა უნდა იყოს 2018 წლის პირველი კვარტალი.

პირველი ეტაპის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს საერთო ფასის 30%-ს, მეორის – 20%-ს, მესამე ეტაპის- 50%-ს.

ტენდერში, რომელიც 18 აპრილს გამოცხადდა და დღეს, 20 აპრილს, 12:00 საათზე დასრულდა, ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. განაცხადი გააკეთეს შპს სიემსიმ (73 360 ლარი შეთავაზება) და შპს ელემსიმ (შეთავაზება – 75 000 ლარი).

პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 4-წლიანი გამოცდილება და  შესრულებული 4 პროექტი, რომელთა ღირებულება მთლიანად არ უნდა იყოს 2 მილიონ ლარზე ნაკლები.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პირველ ეტაპზე საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა მიაწოდოს რჩევა-რეკომენდაციები პროექტის მიმდინარეობის შესახებ, დაგეგმოს პროექტი, საპროექტო კვლევა, გასწიოს საპროექტო მომსახურების სამუშაოები, მოიპოვოს ნებართვები, მოიძიოს სხვა ექსპერტები, შეიმუშაოს პროექტის გეგმა და მოამზადოს გრაფიკი შემსყიდველთან შეთანხმებით.

შემსყიდველთან შეთანხმებით უნდა შეადგინოს საპროექტო დოკუმენტაცია, რაც ითვალისწინებს ტექნიკური დავალების, კონკურსის შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრას, კონკურსის სავარაუდო ღირებულების დადგენას.

გამარჯვებულმა ასევე უნდა გაწეროს მაუწყებლის საქმიანობის სპეციფიკა, ტექნოლოგია და მშენებლობის საინჟინრო ნაწილი. ასევე, შენობის ფართობის გათვალისწინებით, მათი ოპტიმალურად განთავსებისთვის საჭირო სავარაუდო ფართობები, განლაგება, ურთიერთდამოკიდებულებები და აღნიშნულის გათვალისწინებით საკონკურსო დოკუმენტაციის შედგენა. უნდა გაითვალისწინონ ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით შენობის აღჭურვა და ავტოსადგომის და კვების ობიექტის მოწყობა.

მეორე ეტაპზე გამარჯვებული ვალდებულია, რომ კონკურსში მონაწილე პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია შეამოწმოს ტექნიკურ მოთხოვნებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

კონკურსის გამარჯვებულებთან ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე ტექნიკური ნაწილი დაამუშაოს, სადაც გაწერილი იქნება მიმწოდებლის ვალდებულებები, გაწერილი მომსახურებების ჩამონათვალი და მისაწოდებელი მასალები.

მესამე ეტაპზე ამ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, მკაცრად აკონტროლოს საპროექტო კონკურსში გამარჯვებული კომპანიის მიერ მომსახურების მიწოდება. ასევე უნდა შეისწავლოს კანონმდებლობასთან და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან თავსებადობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი