სააგენტო “ინტერფაქსი” რუსეთის სამართალდამცავებზე დაყდრნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ძედ ხასანს” მოსკოვში, დანილოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ, თუმცა აღნიშნული სასაფლაოს თანამშრომლებმა “გაზეტა.რუ”-ს განუცხადეს, რომ უსოიანის ოჯახი მათ არ დაკავშირებია. ამავე მედიასთან საკითხის კომენტირებაზე უარი განაცხადეს ტრეუკოროვის სასაფლაოს წარმომადგენლებმა, სადაც შედგა ასლან უსოიანის ცხედართან გამოსამშვიდობებელი ცერემონია გუშინ ღამით.
რუსეთის მედიის ცნობით, უსოიანის ოჯახის წევრებმა მიმართეს საქართველოს მთავრობას, მიეცათ მისი საქართველოში დაკრძალვის უფლება, სადაც ის დაიბადა.
“ძედ ხასანი” მოსკოვში 17 იანვარს მოკლეს. ოჯახის წევრებს მისი თბილისში, კუკიის სასაფლაოზე დაკრძალვა სურდათ, მისი მშობლების გვერდით, თუმცა თბილისის აეროპორტში სპეცრეისი, რომლითაც მოასვენებდნენ გარდაცვლილს, არ მიიღეს.
უსოიანების ოჯახი ამაში საქართველოს მთავრობას და პირადად შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ადანაშაულებენ. შსს-ს პრესსამსახურის თქმით, ამ საკითხზე არ ფლობს ინფორმაციას და აცხადებს, რომ სამინისტრო ამ საკითხზე რაიმე განმარტებების გაკეთებას არ აპირებს.