“რუსეთი და საქართველო სხვადასხვა სფეროში ავითარებენ ურთიერთობებს, თუმცა დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ჯერჯერობით არ დაწყებულა, სანამ საქართველო მიუღებელ პირობებს აყენებს”, – განუცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მინისტრ სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტის პარალელურად, რუსეთის სახელმწიფო გამოცემა სპუტნიკს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობა არავითარ შემთხვევაში არ იქონიებს გავლენას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისადმი რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერაზე.
აქვე ზახაროვა მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთოების დათბობის შესახებ საუბრობს.
“ურთიერთოების დათბობა 2013 წელს საქართველოს ახალარჩეული ხელისუფლების ინიციატივით დაიწყო. იმ მომენტში ჩვენი ურთიერთობები ძალიან ღრმა კრიზისში იყო შესული. ამის მიზეზი კი სააკაშვილის რეჟიმის ანტირუსული სისტემური პოლიტიკა გახდა, ტოტალური საბოტაჟი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესისა.
რუსეთი მუდამ ამ ურთიერთობების ნორმალიზაციის მომხრე იყო და თბილისის პოზიტიურ სიგნალს გამოეხმაურა. საბოლოოდ, შესაძლებელი გახდა კარგი შედეგების მიღება სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში”.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა იმის შესახებაც განაცხადა, რომ “ყოველწლიურად, რუსეთში მცხოვრები და მომუშავე საქართველოს მოქალაქეებისგან დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარი შედის საქართველოში”.
“სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მოქმედებს 2015 წლის დეკემბრიდან, რამაც გააორმაგა საქართველოში რუსული ვიზების გაცემა. თუმცა თბილისი კვლავ დემონსტრაციულად უარს აცახდებს, გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და პირობას აყენებს, რომ უარი ვთქვათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ჩვენ ყოველთვის გულწრფელად ვაფრთხილებდით ქართულ მხარეს, რომ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაცია არ შეასუსტებს რუსეთის თანამშრომლობას დამოუკიდებელ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან”.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს ორღიანი სამუშაო ვიზიტით აფხაზეთში ჩავიდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სოხუმში ვიზიტი ქართულმა მხარემ ნეგატიურად შეაფასა. ქართული მხარის მიერ სერგეი ლავროვის სოხუმში ვიტიზის საკითხის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს იმ დღესვე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა უწყება გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ქართულმა მხარემ საკუთარი თავისა და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუება უნდა შეწყვიტოს”. რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 2008 წელის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარებს.