ახალი ამბები

კახეთში სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციისთვის 95 მლნ ლარი გაიცემა

18 იანვარი, 2013 • 1709
კახეთში სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციისთვის 95 მლნ ლარი გაიცემა

თენგიზ შერგელაშვილი
თენგიზ შერგელაშვილი

დღესვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კახეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის შემსწავლელი კომისიის სხდომა გაიმართა. აღნიშნული კომისია  საქართველოს მთავრობის დავალებით შეიქმნა და მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ხელმძღვანელობს.

 

კომისია 3 თვეა მუშაობს და შეისწავლის კახეთის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს.  

 

დაზარალებული მოსახლეობისათვის გასაწევი დახმარებების ნუსხაში პირველი რიგის პრიორიტეტი ზამთრის პერიოდში მოსახლეობის ნორმალური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა იყო. შესაბამისად, უკვე დასრულდა დაზიანებული სახლების გადახურვა და არსებული სახურავების შეკეთება.  დღევანდელ სხდომაზე სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოების შედეგების შესახებ იმსჯელეს.

 

როგორც  სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თენგიზ შერგელაშვილმა აღნიშნა, გადაიხურა 100 და შეკეთდა 350 სახლის სახურავი. სხდომაზე ასევე განიხილეს სტიქიის შედეგად განადგურებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულების კომპენსაციების მექანიზმი და გასაცემი თანხების ოდენობა. 

 

მინისტრის პირველი მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის თქმით, კომპენსაციებს 28 500 დაზარალებული ოჯახი მიიღებს. თითოეული ოჯახისათვის გასაცემი თანხის ოდენობა ინდივიდუალურია და ზარალის ოდენობას შეესაბამება. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულების კომპენსაციის მიზნით გასაცემი თანხის რაოდენობამ 95 მლნ ლარი შეადგინა.

 

რაც შეეხება დაზიანებული  სახურავების შეკეთებას, აღნიშნული მიზნით დახარჯული თანხა დაახლოებით 5 მლნ ლარია. აღნიშნულ თანხების გაცემას ფონდი ”ქართუ” უზრუნველყოფს. კომპენსაციების გაცემა მიმდინარე წლის 21 იანვრიდან დაიწყება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი