იარაღის უკანონო შენახვისთვის სანქციები მკაცრდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, იარაღის უკანონო შენახვაზე სანქციები გამკაცრდება.

ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას, 18 აპრილს განაცხადა.

” ამ კანონონპროექტით გარკვეულად დაიხვეწება მიდგომები იმისა, რომ ვისაც სანადირო თოფი და 2 ტყვია აქვს სახლში, ის არ მიეცეს მკაცრ პასუხისგებაში, მაგრამ, ვისაც ექნება იარაღი, უკანანონო შენახვა აღარ იქნება ნაკლებად მძიმე დანაშაული და მასზე სანქცია გაიზრდება. ამ ნაწილში სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრება აუცილებელია იმიტომ, რომ უკანონო იარაღი არის ძალადობრივი დანაშაულის, ყაჩაღობის, მთელი რიგი სხეულის დაზიანებების გამომწვევი და ა.შ. ჩვენ თუ ამ ნაწილში გავამკაცრებთ პოლიტიკას, ვფიქრობთ, რომ ბევრად კარგ შედეგები გვექნება დანაშაულთან ბრძოლის კუთხით,”- განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლში, კერძოდ, ერთმანეთისაგან იმიჯნება სხვადასხვა კატეგორიის ცეცხლსასროლი იარაღისა და მისი შესაბამისი საბრძოლო მასალის შეძენა/შენახვა და, შესაბამისად, მძიმდება ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა) შეძენისათვის ან/და შენახვისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

კანონპროექტით, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი