ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ სამინისტროში მისი გათავისუფლების სურვილი აქვთ, თუმცა სამუშაო დღის ბოლომდე დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს.
კულტურის სამინისტროს პრესსამსახური გავრცელებულ ინფორმაციას ჯერ–ჯერობით არ ადასტურებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი შესაძლოა ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია გახდეს. “იუნესკოს” შეფასებით, მე–11 საუკუნის ეს ძეგლი “იმ დონეზე შეიცვალა, რომ დაირღვა მისი ავთენტურობა და ის ვეღარ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რისთვისაც შეტანილი იყო დაცული ძეგლების ნუსხაში.”
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი news.ge-სთან საუბრისას ბაგრატის ტაძრის პროექტს სანიმუშოდ მიიჩნევს და ციტირებს “იუნესკოს” ერთ-ერთი ექსპერტის შეფასებას, რომლის მიხედვითაც, რეკონსტრუქციის შემდეგ ტაძარი გამდიდრდა თავისი ავთენტურობით და წარმოაჩინა ის შრეებიც, რომელიც არ ჰქონდა იუნესკოს სიაში შესვლის დროს. ვაჩეიშვილის ამავე ინტერვიუში საუბარია კრიტერიუმების გადახალისებაზე, რათა ბაგრატის ტაძარმა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში სხვა სახელით გააგრძელოს არსებობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაგრატის ტაძარზე 2008 წელს დაიწყო, მოგვიანებით კი იუნესკოს უარყოფითი დასკვნების გამო დროებით შეჩერდა. სამუშაოების შემდეგი ეტაპი, იუნესკოს რეკომენდაციების მიუხედავად, 2011 წლის ივნისში განახლდა. აღდგენილი ბაგრატის ტაძარი პატრიარქის გადაწყვეტილებით გასული წლის 16 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა.