მათი განცხადებით, საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა უკვე აირჩიეს სხვა რელიგიური ლიდერი და ხელისუფლებას სთხოვენ, გადაიხედოს ეს საკითხი.
“ჩვენ არჩევნებამდე შევხვდით ბიძინა ივანიშვილს, ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც გვქონდა. პრემიერი დაგვპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად მოხდებოდა ამ საკითხის მოგვარება,”- აცხადებს ერთ-ერთი მათგანი.
შეიხი ვაგიფ აკბეროვი კი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ გადადგომის მოთხოვნით პირადად მისთვის არავის მიუმართავს, თუმცა ამ მოთხოვნის შესახებ ინფორმაციას ფლობს.
“არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ პოზიციის დათმობას. როგორ შეიძლება ვიღაც ამას მოითხოვდეს. მე ვარ 10 წლით არჩეული, ვარ ოფიციალურად დარეგისტრირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ნაციონალების მაჟორიტარი კი არ ვარ, რომ მითხრან, შენ ვიღაცის კაცი ხარ და ახლა წადი,”- აცხადებს ვაგიფ აკბეროვი.
მისივე განმარტებით, აზერბაიჯანელი მუსლიმები, რომლებიც მის გადადგომას მოითხოვენ, ერთ-ერთი ისლამისტური ქვეყნიდან იმართებიან, კონკრეტული ადამიანების ინტერესებს ემსახურებიან და ამაში ხელფასს იღებენ. კითხვაზე, რომელ ქვეყანასთან თანამშრომლობენ ისინი, ვაგიფ აკბეროვი პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.
