საუბარია თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის მიხედვითაც,  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხდებოდა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების  სქესობრივი ცხოვრების ფარულად გადაღება დაშანტაჟების მიზნით.

დღეს რამდენიმე უფლებადაცვითვა ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდომასალა ფარულად გადაღებულ პირთა იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა.


ომბუდსმენი 15 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს:

 

“მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებულ ვიდეომასალაში გამოყენებულია დაფარვის საშუალებები, აღნიშნული საშუალებების გამოყენება, მისი ხარისხიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს გადაღებული პირების იდენტიფიცირებისგან სრულ დაცვას. ვიდეომასალაში შესაძლებელია გადაღებული პირების ისეთი საიდენტიფიკაციო ფაქტორების გარჩევა, როგორიც არის ადამიანის აღნაგობა, თმის ფერი და ტანსაცმელი, რაც შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის იძლეოდეს აღნიშნული პირების იდენტიფიცირების საშუალებას.


ზემოთ მითითებული ვიდეომასალის ჩვენება წარმოშობს გადაღებული პირების იდენტიფიცირების გარკვეულ რისკს, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას. გასაგებია, რომ მსგავს სისხლის სამართლის საქმეებზე შესაძლოა არსებობდეს საზოგადოების მომეტებული ინტერესი, თუმცა აღნიშნული ლეგიტიმური მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უნდა ხდებოდეს სხვათა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ხარჯზე”.


სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ პირადი ცხოვრების უფლება დაცულია, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლებით, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით. მიუხედავად ამ უფლების არააბსოლუტური ხასიათისა, სახელმწიფომ ჩარევის შემთხვევაში უნდა იხელმძღვანელოს პროპორციულობის პრინციპით და განსაზღვროს, თუ რამდენად აუცილებელია ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში.


სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას და მედიასაშუალებებს, მომავალში განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს პირის პირად ცხოვრებას. ამავდროულად, მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ეფექტური ღონისძიებები გაატაროს ზემოაღნიშნულ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *