აქციის მონაწილის, ლექსო მაჭავარიანის თქმით, ასეთი სიმბოლური ჟესტით აქციის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი ფაქტები ქვეყანაში აღარ განმეორდება.
სოციალური ქსელებით დაგეგმილ აქციაზე დაახლოებით 50-მდე მოქალაქე მივიდა. აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი ბექა გოჩიაშვილს პირადად არ იცნობდა, მაგრამ, მათი თქმით, ძალადობის იმ ფაქტმა, რომლის შესახებ მათ მედიიდან შეიტყვეს, გულგრილი ვერ დატოვა და აქციაზე მისვლით გოჩიაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტი დაგმეს.
მოქალაქეებმა აქციაზე პლაკატებიც მიიტანეს წარწერით- “ჯაზი საშიში არ არის” და “შეწყვიტეთ უკანონო მეთოდებით დაკითხვა”. კიდევ ერთ პლაკატზე ბექა გოჩიაშვილის სიტყვები იყო ამობეჭდილი – “ყველას უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის, მომხდარით გაოგნებული ვარ, ძალიან მწყინს, რომ ჩემს ქვეყანაში ასე მომექცნენ”.
შეგახსენებთ, რომ 16 წლის პიანისტის, ბექა გოჩიაშვილის განცხადება 14 იანვარს გავრცელდა. განცხადებაში ბექა გოჩიაშვილი საუბრობს მოწმის სახით დაკითხვისას მასზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე.
ბექა გოჩიაშვილი და მისი ძმა ლაშა გოჩიაშვილი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით 8 იანვარს ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში დაიკითხნენ.
აღნიშნული საქმის დაკითხვასთან დაკავშირებით, განცხადება შსს-მაც გაავრცელა.
