
ეს კომენტარი შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარობის კანცელარიაში სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ღარიბაშვილის განმარტებით, ბინის მფლობელის ინფორმაციით, დაკარგულ სეიფში ინახებოდა საკმაოდ დიდი თანხა. ასევე ძვირფასი ნივთები, რომლის მთლიანი ღირებულება აჭარბებდა 500 ათას დოლარს: “აქედან გამომდინარე, გაჩნდა ლოგიკური შეკითხვები. მე დავალება მივეცი გენინსპექციას, რომ დეტალურად შეისწავლონ, თუ რა მოხდა. მე აუცილებლად გამოვარკვევ, თუ რაიმე ზეწოლას ჰქონდა ადგილი გოჩაშვილის დაკითხვისას, არც ერთი დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება.”
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ გოჩაშვილის დაკითხვის ფაქტით სპეკულირებას: ” მათი მიზანია, მოხდეს პოლიციის დისკრედიტირება. მაგრამ ეს არის მიუღწეველი. აქედანვე მინდა ვთქვა, რომ ეს არის ის მენკიერი მეთოდები, რომელსაც ჩვენ ვაკრიტიკებდით და რომელსაც იყენებდა ძველი ხელისუფლება. ეს შემთხვევა იქნება გამოძიებული და შესწავლილი, თუ გაირკვეა, რომ ადგილი ჰქონდა ზეწოლას, ეს პოლიციელი აუცილებლად დაისჯება. ეს არის ჩემი პასუხი.”
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბექა გოჩიაშვილი დაკითხვაზე მამასთან ერთად იმყოფებოდა.
შს სამნისტრომ ბექა გოჩაშვილის დაკითხვის შესახებ სპეციალური განცხადება დღეს გაავრცელა.
“რაც შეეხება ბექა და ლაშა გოჩიაშვილების მოწმის სახით დაკითხვის აუცილებლობას, 2013 წლის 4 იანვარს ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ქ.თბილისში, მ. კოსტავას ქუჩა N63ა-ში მდებარე ნანა დავითაიას საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტზე, საიდანაც მოიპარეს სეიფი, რომელშიც ნანა დავითაია ინახავდა 60 000 ევროს, 20 000 ლარს, 10 000 აშშ დოლარს და 300 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროულობას.
მოწმეთა ჩვენებებით გაირკვა, რომ ბინის გასაღებით ისარგებლა რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის, ბექა გოჩიაშვილმა, რომელიც ნანა დავითაიას თანხმობით ერთი დღე დარჩა აღნიშნულ ბინაში, სადაც მას ესტუმრნენ მეგობრები”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.
სამართალდამცავი უწყების განცხადებითვე, 2013 წლის 8 იანვარს საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ არასრულწლოვანი ბექა გოჩიაშვილი, მშობლის – ვალერიან გოჩიაშვილის თანდასწრებით და ბექას ძმა – ლაშა გოჩიაშვილი. ბექა გოჩიაშვილმა განმარტა, რომ ბინაში ყოფნის დროს მისმა მეგობრებმა სახლი დაათვალიერეს და ეძებდნენ ,,იუ ეს ბი”-ს გადამყვან კაბელს , რა დროსაც ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა, რომლის ვინაობაც არ ახსოვს, დაუძახა საძინებელი ოთახიდან და უთხრა, რომ კარადაში იყო სეიფი. იგი შევიდა, ნახა სეიფი და მეგობრებს სთხოვა, რომ ძებნა აღარ გაეგრძელებინათ, ვინაიდან თავი ძალიან უხერხულად იგრძნო. 2013 წლის 4 იანვარს, ღამით კი – გაიგო, რომ დავითაიას ბინიდან სეიფი იყო მოპარული.
იმავე დღეს აღნიშნულ საქმეზე მოწმის სტატუსით დაიკითხნენ ბექა გოჩიაშვილის მეგობრებიც. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აწარმოებს შსს-ს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს V განყოფილება.