ისინი, როგორც პოლიტპატიმრები, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის თანახმად, 13 იანვარს სხვა 190 პირთან ერთად გაათავისუფლეს.
ეპარქია აცხადებს, რომ არმენ გევორქიანი და რუბენ შეკოიანი 2010 წლის ოქტომბერში ყალბი ბრალდებებით დააპატიმრეს და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მათ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ყოფილი პატიმრები ნათესავებისა და მეგობრების თანხლებით, რომლებიც დილიდან იმყოფებოდნენ გლდანის №8 საპყრობილესთან, მივიდნენ ავლაბრის წმინდა ეჯმიაწინის ეკლესიაში, სადაც მათ საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ეპარქიის სასულიერო დასი და ეპარქიის ოფიციალური პირები დახვდნენ.
ეპარქიის წინამძღვარმა აღავლინა ლოცვა და დალოცა არმენ გევორქიანი და რუბენ შეკოიანი.
“ეპისკოპოსმა დადებითად შეაფასა საქართველოს ახალი ხელისუფლების სამართლიანი და ჰუმანური ქმედებები და ახალგაზრდებს განთავისუფლება მიულოცა”, – იუწყება ეპარქიის პრესსამსახური.
“არმენ გევორქიანმა საკუთარი და საქართველოს ყველა პოლიტიკური პატიმრის სახელით მადლობა გადაუხადა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, მის ყოვლადწმინდაუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს, სასულიერო პირებს, რომლებიც მოღვაწეობენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, მამა ჰუსიკ არუთუნიანს და წინამძღვრის თანაშემწეს მიქაელ ავაქიანს, რომლებიც ორი წლისა და ორი თვის განმავლობაში მიდიოდნენ პატიმრების მოსანახულებლად, ამხვნევებდნენ და აიმედოვნებდნენ მათ. მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ახალ მთავრობასა და პარლამენტს, სომეხ და ქართველ უფლებადამცველებს, რომლებიც არ იშურებდნენ ძალებსა და ენერგიას მათი განთავისუფლებისათვის”.
ყოფილ პატიმართაგან ერთ-ერთი, არმენ გევორქიანი დიდი ხნის განმავლობაში იყო აჭარის სომხური სათვისტომოს ხელმძღვანელი და 1990-იან წლებში მან ორგანიზება გაუწია ბათუმის სურბ ფრკიჩ სომხური ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოების შესრულებას, რომელიც 1996 წელს დასრულდა.
არმენ გევორქიანსა და რუბენ შეკოიანს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედებოდათ ბრალად. ისინი ე.წ. ენვერის მონაწილეთა სიაში შედიოდნენ და სამართალდამცავემა 2010 წელს დააკავეს. დღემდე ამ საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს.