USAID ქუთაისი
USAID ქუთაისი

აღნიშნული ინიციატივის თანახმად, მთავრობის სახლში მოსწავლე ახალგაზრდობის სახლიც შევა:

„შევიკრიბეთ ახალგაზრდებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი, რომლებიც მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ დღეს ქუთაისში არსებული ყოფილი მთავრობის სახლი, რომელიც ამჟამად არის თავისუფალი, გადმოეცეს ქუთაისის ახალგაზრდობას, სადაც ასევე ერთ-ერთ რგოლად შემოვა დღეს არსებული ქუთაისის მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლი, რომელიც დღეს ძალიან რთულ მდგომარეობაში არის თავისი ტექნიკური ბაზიდან გამომდინარე. თუმცა ეს არ იქნება მარტო ამ სახლის შენობა, ჩვენ გვაქვს ინიციატივები რომ შენობა და ეს სახლი გახდეს რაც შეიძლება საერთაშორისო დონის და დააკმაყოფილოს თანამედროვე გამოწვევები, რომლებიც არის დღეს ახალგაზრდობასთან მიმართებაში,“ – ამბობს საინიციატოვო ჯგუფის წევრი შალვა კამლაძე.

საინიციატივო ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, ჟურნალისტი ალეკო გვეტაძე განმარტავს, რომ მათი მიზანი სამოქალაქო საზოგადოების განვითარება იქნება:

„გარდა იმისა, რომ ქუთაისში არსებობს ახალგაზრდული სასახლე, ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ცვლილებებისა, რომლებიც ამ სასახლის საქმიანობაში შევა. პირველ რიგში, სახელწოდებიდან გამომდინარე, ეს იქნება „ქუთაისის საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრი“ და მას ასევე დაემატება სხვადასხვა პროექტები. ეს იქნება ახალგაზრდული ტელე-კინო-ფოტოცენტრი, ასევე, საერთაშორისო ლინგვისტიკის ცენტრი, ახალგაზრდული საბჭოს პროგრამა. დიდი ყურადღება გამახვილდება სამოქალაქო განათლების პროგრამაზე, რომელიც იმუშავებს ადამიანის უფლებების შესწავლაზე, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების ინტერგრაციაზე. „

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ ქუთაისში მდებარე საქართველოს მთავრობის სახლის გაუქმების გადაწყვეტილება 2012 წლის 30 ნოემბერს მიიღო. სამსახურიდან დაითხოვეს ამ სახლის 11 თანამშრომელი, მთავრობის კანცელარიიდან შემცირებები სხვა დეპარტამენტებშიც განხორციელდა. ამ დროისთვის, ჯამში, 80-მდე თანამშრომელია გათავისუფლებული სამსახურიდან.

კანცელარიის უფროსის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლი საქართველოს მთავრობის ან ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში არ გადაცემულა:

“ამ სახლს არ უფუნქციონირებია, ანუ ქუთაისის მთავრობის სახლს არანაირი დატვირთვა არ ჰქონდა. 11 ადამიანი ირიცხებოდა შტატში, ისინი იყვნენ კანცელარიის თანამშრომლები. თუმცა რეალურად მთავრობის სახლი არ მუშაობდა. მთავრობის სახლი, წინა ხელისუფლების ჩანაფიქრით, ქუთაისში შეიქმნა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ როდესაც მთავრობის წევრები იქნებოდნენ მოწვეული პარლამენტში, მათ ჰქონოდათ ფართი იმისთვის, რომ ემუშავათ, რისი საშუალებაც ჩვენ საერთო ოპტიმიზაციის პირობებში არ გვაქვს. ვერ ვხედავთ იმას, რომ ქუთაისში იყოს საჭირო ცალკე მთავრობის სახლის ფუნქციონირება და კომუნალური გადასახადების გადახდა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ჰქონდეთ სამუშაო ოთახი”, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მთავრობის სახლის პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით განხორციელდა. შენობის პროექტის ავტორი ესპანელი არქიტექტორი ალბერტო დომინგო კაბო გახლავთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *