ახალი ამბები

დეკანოზ მამალაძის საქმეზე სტრასბურგში სარჩელი გაიგზავნება

12 აპრილი, 2017 • 2747
დეკანოზ მამალაძის საქმეზე სტრასბურგში სარჩელი გაიგზავნება

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში სარჩელს ამ კვირაში ან მომავალი კვირის დასაწყისშივე გაგზავნის. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტმა, ეკა ლომიძემ განგვიცხადა.

“თითქმის მზად გვაქვს უკვე საერჩელი, ვინაიდან გუშინ მივიღეთ ჩვენ პროკურატურისგან უარი გაუთქმელობის მოხსნასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სხვა გზა არ დაგვრჩენია. ადვოკატებს არ ეძლევათ ეფექტურად დაცვის საშუალება. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ საჯაროვდებოდა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, ისიც შერჩევით, და დაცვის მხარეს ამის უფლებას არ აძლევენ. ეს არის დარღვევა ევროპული კონვენციის მე–6 და მე–13 მუხლების,” – ამბობს ეკა ლომიძე.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლი სამართლიანი სასამართლოს განხივლის უფლებას, ხოლო მე–13 მუხლი სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალების უფლებას გულისხმობს.

“საკმაოდ ცოტა დრო რჩება დეკანოზის პირველ პროცესამდე. აქედან გამომდინარე, ვაგზავნით ამ სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში იმისთვის, რომ დარღვევა დადგინდეს, ვინაიდან თუნდაც ეს თემა, შემდგომ უკვე სასამართლო გადაწყვეტილება, რა ფორმითაც არ უნდა მიიღოს თუნდაც პირველმა ინსტანციამ (იცნობა თუ არა გიორგი მამალაძე დამნაშავედ), დაცვის შეზღუდვა ერთ–ერთი საფუძველია შემდგომში სასამართლო გადაწყვეტილების განაჩენის გაუქმების. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგს მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, რომ მთელი წინასასამართლო პერიოდში ეს ხდებოდა,” – ამბობს ლომიძე.

დეკანოზის ერთ–ერთი ადვოკატის, გიორგი ფანცუალაიას თქმით, ამ პროცესში გარკვეული ფორმით ჩაერთვებიან თვითონ და გიორგი მამალაძის სხვა ადვოკატებიც, თუმცა სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში “ადამაინის უფლებათა ცენტრის”, კერძოდ, ეკა ლომიძის სახელით გაიგზავნება.

გიორგი მამალაძის წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქოქო სასამართლოში 2017 წლის  5 მაისს ჩაინიშნა. შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში ბრალდებული დეკანოზი უკვე ორ თვეზე მეტია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.


პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. ე.წ. ციანიდის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი პროკურატურამ 8 მარტს გახადა საჯარო.

გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების თქმით, გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან–რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა თავად სთხოვა ციანიდის შეძენა. დეკანოზი პატრიარქის ძმისშვილის, ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ეპარქიაში მუშაობდა წლების მანძილზე. ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებით, არ გამორიცხავს, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას წამოეგო.

მასალების გადაბეჭდვის წესი