ახალი ამბები

გასახდელში კამერების დამონტაჟების გამო ინსპექტორმა “ფრესკოს” შემოწმება დაიწყო

12 აპრილი, 2017 • 4230
გასახდელში კამერების დამონტაჟების გამო ინსპექტორმა “ფრესკოს” შემოწმება დაიწყო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი აცხადებს, რომ “ფრესკოს” გასახდელ ოთახებში ფარული თვალთვალის გამო სუპერმაკეტების ქსელის ინსპექტირება დაიწყეს.

ინსპექტორის აპარატის განმარტებით, ინსპექტირება გულისხმობს როგორც ადგილზე ვითარების გაცნობას, ისე დოკუმენტების, ჩანაწერების და ინფორმაციის გამოთხოვასა და გაცნობას, ზეპირი განხილვის ჩატარებას, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან, ისე მონაცემთა სუბიექტისგან ახსნა-განმარტებების მიღებას.

ინსპექტორის აპარატის ცნობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კანონმდებლობით მნიშვნელოვანია ყველა მტკიცებულების მოპოვება და სათანადო შეფასება.

კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით განისაზღვრება საჭირო ღონისძიებები და  ინსპექტორის აპარატი გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა საჭირო უფლებამოსილებას იმისთვის, რომ შემოწმება სრულყოფილად ჩატარდეს და ყველა გარემოება იქნას გამოკვლეული, აცხადებს ინსპექტორის აპარატი.

11 აპრილს “ფრესკოს” ყოფილმა თანამშრომლებმა პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ “ფრესკოს” ადმინისტრაციას ქალების გასახდელში დამონტაჟებული აქვს ვიდეოკამერები და მათ უთვალთვალებდნენ.

აღნიშნული დაადასტურა “ფრესკომ” და განაცხადა, რომ ისინი ვიდეოთვალთვალს ჩხუბისა და ქურდობის თავიდან აცილების მიზნით ახორციელებენ.

ამ ფაქტს გამოეხმაურა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და განაცხდა, რომ გასახდელსა და ჰიგიენის ოთახებში დაუშვებელია თვალთვალი და მზად არიან, ეს საკითხი შეისწავლონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი