ახალი ამბები

გადაწყვეტილება ზურაბ ადეიშვილისთვის დღეს გახდება ცნობილი

10 იანვარი, 2013 •
გადაწყვეტილება ზურაბ ადეიშვილისთვის  დღეს გახდება ცნობილი

დღეს იწურება იუსტიციის ყოფილი მინისტრის  საჩივრის განხილვის  ვადა ადეიშვილის მიმართ დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.

ადეიშვილის უფლებებს ადვოკატი გოჩა სვანიძე იცავს. თავად ადეიშვილი, იუსტიციის ამჟამინდელ მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, ბუდაპეშტში იმყოფებოდა, სადაც მას ყოფილი თანამდებობის პირები სტუმრობდნენ. მის დასაკავებლად სავარაუდოდ ქართული მხარე საერთაშორისო მექანიზმებს აამოქმედებს, რადგან ადეიშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდა.

2013 წლის 5 იანვარს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს  ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის  აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასმართლოს მიმართა. პროკურატურამ სასამართლოში ზურაბ ადეიშვილისთვის პატიმრობის შეფარდება, ზურაბ ადეიშვილის სახელზე გაცემული სამი დიპლომატიური პასპორტის და ზურაბ ადეიშვილის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტის  მოქმედების შეჩერება მოითხოვა.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. როგორც  “ნეტგაზეთს” ადეიშვილის ადვოკატმა გოჩა სვანიძემ განუცხადა, დაცვის მხარის შუამდგომლობა ადეიშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება იყო.

5 იანვარს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც განმარტებულია, თუ რატომ ითხოვდა პროკურატურა ყოფილი იუსტიციის მინისტრისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას და პასპორტების შეჩერებას.

მთავარ პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია, ზურაბ ადეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოს პატიმრობა შემდეგ გარემოებათა გამო. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილია ოთხი საფუძველი, რომლითაც შეიძლება გამართლდეს პირისათვის პატიმრობის შეფარდება. ფაქტობრივად იგივე საფუძვლებია გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად „პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული:

1.ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების  განხორციელებისათვის ხელის შეშლა;
2. ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა;
3. ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა;

პროკურატურის განცხადებით, ყოფილი იუსტიციის მინისტრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოსაყენებლად არსებობს ზემოთ მითითებული სამივე გარემოება.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის  საქმის მასალებში არსებული საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2013 წლის 04 იანვრის წერილის თანახმად ზურაბ ადეიშვილმა 2012 წლის 02 ოქტომბერს გადაკვეთა საქართველოს საზღვრის საკონტროლო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტის” გავლით,  დიპლომატიური პასპორტის გამოყენებით და დღემდე იგი უკან არ დაბრუნებულა.

“ადეიშვილმა დატოვა საქართველოს ტერიტორია მაშინ, როდესაც იგი ჯერ კიდევ იმყოფებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე, თუმცა იგი საქართველოში აღარ დაბრუნდა არც მისი უფლებამოსილების ვადის შეწყვეტამდე და არც ახალი მთავრობის უფლებამოსილების ცნობის შემდგომ. საქართველოს შს სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით კი დასტურდება, რომ ზურაბ ადეიშვილის მეუღლემ და მისმა შვილებმა საქართველოს ფარგლები დატოვეს 2012 წლის 19 ნოემბერს და უკან არ დაბრუნებულან. ზურაბ ადეიშვილმა გაწყვიტა კავშირი ქვეყანასთან, ბოლო ორი თვის განმავლობაში  იგი თავის ცოლ-შვილთან ერთად აღარ იმყოფება საქართველოში და მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ადეიშვილის რეგისტრაციის მისამართზე მდებარე  ბინა აღმოჩნდა დაკეტილი – მეზობლის  განმარტებით, „ადეიშვილი და მისი ოჯახი აღნიშნულ ბინაში არ იმყოფებიან და მათი ადგილსამყოფელი უცნობია”, ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის მამისთვის – შ.ადეიშვილისათვისაც უცნობია მისი შვილის ადგილსამყოფელი”.– აცხადებს პროკურატურა.

პროკურატურა ასევე განმარტავს, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს, როდესაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გარემოებები გაასაჯაროვა, რითაც საზოგადობის ფართო მასებისთვის ცნობილი გახდა საქმის გარკვეული დეტალები და კონკრეტულად ის გარემოება, რომ საქართველოს მთავარი  პროკურატურა გეგმავდა ზურაბ ადეიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას კონკრეტული ბრალდებებით. ადეიშვილის მოსალოდნელი ბრალდების შესახებ წინასწარი განაცხადი განთავსდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე და გადაიცა მასობრივი ინფორმაციის საშაულებებით.

“ვინაიდან ვერ მოხერხდა ზურაბ ადეიშვილთნ დაკავშირება და ვერც მისი ადგილსამყოფელის დადგენა, ბრალდების შესახებ დადგენილება ჩაბარდათ  ადეიშვილის მამის მიერ დასახელებულ ადვოკატებს – ი.გრძელიძეს და გ.სვანიძეს.  2012 წლის 29 დეკემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კვლავ მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია ადეიშვილის მიმართ ბრალის წარდგენის შესახებ. ამრიგად, ზურაბ ადეიშვილისათვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში მის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა. დადგენილება ადეიშვილის ბრალდების შესახებ სათანადო წესით ჩაბარდათ მის ადვოკატებს, რის შემდეგაც გასულია შვიდი დღე და მიუხედავად ამისა, იგი არიდებს თავს გამოძიებაში გამოცხადებას, რითაც აშკარად უშლის ხელს გამოძიებას და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას”/– ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებაში მოყვანილია საჯარო რეესტრის მონაცემები, რომლის თანახმადაც, 2013 წლის 04 იანვრის მდგომარეობით, ადეიშვილის სახელზე საქართველოში ოფიციალურად არ ირიცხება არანაირი უძრავი ქონება.  იმის გათვალისწინებით, რომ  ადეიშვილმა გაიყვანა მისი ცოლ–შვილი საქართველოდან და მათი ადგილსამყოფელი უცნობია, პროკურატურის განცხადებით ,” შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ზ.ადეიშვილს საქართველოში  ყოფნის და/ან დაბრუნების   მოტივაციები არ გააჩნია”.

რაც შეეხება ყოფილი იუსტიციის მინისტრის პასპორტებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადეიშვილის სახელზე გაცემულია 3 დიპლომატიური პასპორტი.

დიპლომატიური პასპორტების გაცემისა და სარგებლობის წესი რეგულირდება საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის #941 ბრძანებულებით, თუმცა  საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის #944 ბრძანებულებით ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ ბრძანებულებაში და საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება შეუნარჩუნდა ზოგიერთ პირს თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის განმავლობაში. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი, როგორც საქართველოს იმჟამინდელი იუსტიციის მინისტრი, წარმოადგენდა სწორედ იმ თანამდებობის პირს, რომელსაც 2012 წლის 12 ნოემბრის ცვლილების თანახმად შეუნარჩუნდა დიპლომატიური პასპორტის მოქმედების ვადა მისი უფლებამოსილების ამოწურვიდან დამატებით 1 წლის განმავლობაში.

3 დიპლომატიური პასპორტი გარდა, ზურაბ ადეიშვილის   მფობელობასა და სარგებლობაშია საქართველოს მოქალაქის პასპორტიც. პროკურატურის განმარტებით, დიპლომატიური პასპორტები მას აძლევს საშუალებას ისარგებლოს დიპლომატებისათვის დადგენილი უცხო ქვეყანაში შესვლის გამარტივებული პროცედურებით და პრივილეგიებით და  საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაადგილდეს საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის გავლის გამარტივებული პროცედურებით.

“მთავარი პროკურატურა მოითხოვს, სასამართლომ ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას მხედველობაში  მიიღოს  მის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და ბრალდების განსაკუთრებული სიმძიმე და სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც საქართველომ იკისრა წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აღკვეთის თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სტრასბურგის აქტებით.

სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ დაპატიმრებულ და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა დაცვის გაძლიერება და მათი უფლებების პატივისცემა წარმოადგენს ყველა სახელმწიფოს საერთო მოვალეობას და ამგვარი პირების მიმართ სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევას.

მთავარი პროკურატურა მიიჩევს, რომ ადეიშვილის ბრალდების საქმის კონკრეტული და სპეციფიკური გარემოებების, მისი პიროვნების, საქმიანობის, ყოფილი მაღალი თანამდებობრივი სტატუსის, სახელმწიფოსთან არსებული და დარჩენილი კავშირების, ასევე მისი კავშირების ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მისი გადაადგილების თავისუფლების, მისი ბრალდების შესახებ ინფორმირებულობის მაღალი ხარისხის და მისი, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრის, თანამდებობრივი მოვალეობების ბოროტად გამოყენების  გათვალისწინებით,  არსებობს ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის მიმართ  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის  შეფარდებისა და  მის სახელზე გაცემული დიპლომატიური პასპორტების და საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების აბსოლუტურად დასაბუთებული,  სამართლიანი და კანონიერი გარემოებები”–ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 28 დეკემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდქსის რამდენიმე მუხლის მიხედვით ბრალი წაუყენა, მათ შორის, გლდანის ციხეში პატიმართა წამების ორგანიზებისთვის.

პროკურატურის ცნობით, ზურაბ ადიშვილს ბრალად ედება  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორგანიზება, რაც გამოიხატა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების და სხელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, მანვე ჩაიდინა პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, რაც გამოიხატა პატიმრების დამცირების, იძულების, მათი არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომრაობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებულის მიმართ და შეკვეთით. მანვე  ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოკაციის ორგანიზება.

მასალების გადაბეჭდვის წესი