ახალი ამბები

პრეზიდენტი და პრემიერი გრიგორიანელებს შობას ულოცავენ

6 იანვარი, 2013 • • 1565
პრეზიდენტი და პრემიერი გრიგორიანელებს შობას ულოცავენ

“დღეს, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო წმინდა მართმადიდებლური ეკლესია შობას და ნათლისღებას აღნიშნავს. ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულებს ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს.

 

მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, გავიზიარო ის დიდი სიხარული, რაც შობისა და ნათლისღების უდიდეს დღესასწაულებზე გვეუფლება. საუკუნეების განმავლობაში ტკივილი და სიხარული ერთი ჰქონდა ჩვენს ხალხს, ერთად  ვუმკლავდებოდით ისტორიის ქარტეხილებს.

 

საქართველოს  ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი საგანძურია, რომელსაც თვალისჩინივით გაფრთხილება სჭირდება. ჩვენი ქვეყანა ამაყობს იმ  კულტურული მემკვიდრეობით, რომელიც მასში მცხოვრებმა სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებმა შექმნეს.  ჩვენი ვალია დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ამ  მემკვიდრეობას, როგორც საკაცობრიო კულტურის ნაწილს.

 

დიდია ჩვენი თანამემამულე სომხების როლი საქართველოს სახელმწიფოს, ჩვენი ქალაქების, განსაკუთრებით თბილისისა და გორის აღმშენებლობის, ეკონომიკური და კულტურული განვითარების საქმეში და ამ როლს სათანადო შესწავლა და შეფასება ჯერ კიდევ სჭირდება. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ დიდ სიხარულს და ბედნიერებასა და წინსვლას ვუსურვებ!”– ნათქვამია პრემიერის მილოცვაში. 

 

პრემიერამდე გრიგორიანელებს  შობა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა. მილოცვის ტექსტი პრეზიდენტის “ფესიბუქის” ოფიციალური გვერდის მეშვეობით გავრცელდა:

 

“ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც სომხეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 6 იანვარს აღნიშნავს. 

 

მრავალფეროვნება არის ის ქვაკუთხედი, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე ეფუძნება. ქვეყნის აღმშენებლობის, მისი დემოკრატიული განვითარების საქმეში საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის უდიდესი დამსახურება, რომელიც ჩვენი ერების თანაცხოვრების მრავალფეროვნებაში აისახება და უძველეს სამოციქულო ეკლესიებს მიუძღვით.

სულითა და გულით გილოცავთ ქრისტეს შობის დღესასწაულს და წარმატებასა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”.- ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი