ახალი ამბები

შსს-ს განმარტება – რა ვითარებაში გარდაიცვალა მოქალაქე, რომელსაც მამამ ესროლა

11 აპრილი, 2017 • 2636
შსს-ს განმარტება – რა ვითარებაში გარდაიცვალა მოქალაქე, რომელსაც მამამ ესროლა

“პატრულის მანქანას რომ საწვავი გამოელია, ლეგენდების სფეროდან არის”, – ასე გამოეხმაურა მინისტრის მოადგილე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი პირი იმის გამო გარდაცვალა, რომ პოლიციამ საავადმყოფომდე დროულად ვერ მიიყვანა, რადგან ეკიპაჟს საწვავი გაუთავდა.

შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დამატებით ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური მოგვაწვდიდა. შსს-მ დღეს, 11 აპრილს კი განაცხადა, რომ აღნიშნულმა პირმა პოლიციას დაუმალა, რომ ფეხში იყო დაჭრილი.

შსს-ს განცხადების მიხედვით, 10 აპრილს შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ნადიკვრის ქუჩაზე, მოქალაქემ თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენმეჯერ ისროლა, რის გამოც პოლიციელები მივიდნენ.

პოლიციის ცნობით, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნოდარ შ. დააკავეს, ხოლო დანაშაულის იარაღი – არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და გასროლილი მასრები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის ცნობით, ნოდარ შ.-ს შვილის, მიხეილ შ. -ს კუთვნილი ავტომანქანის ძარაზე აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მიყენებული დაზიანების სამი კვალი.

პოლიციის ცნობით, გამოკითხულმა პირებმა პოლიციას განუცხადეს, რომ ნოდარ შ.-ს შვილთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდა, რა დროსაც მან საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოსა და ქუჩაში იარაღიდან რამდენმეჯერ ისროლა. თუმცა ის, რომ მიხეილ შ. მამამისის მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ფეხის არეში დაიჭრა, პოლიციას გამოკითხულმა პირებმა დაუმალეს.

“აღნიშნულის შესახებ დუმდა თავად დაჭრილიც, გარეგნულად კი მას დაზიანება არ აღენიშნებოდა. ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლის კვალი ასევე არ დაფიქსირდა. როგორც მიხეილ შ.-ს მეუღლემ, 1997 წელს დაბადებულმა მარიამ ტ.-მ მოგვიანებით პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, დაჭრის ფაქტი თავდაპირველად პოლიციას მეუღლის კატეგორიული მოთხოვნით დაუმალა. თუმცა, მიუხედავად მიხეილ შ.-ს გაფრთხილებისა, როდესაც მან შენიშნა, რომ მისი მეუღლე შეუძლოდ გახდა, პოლიციას სიმართლე გაუმხილა და დახმარება ითხოვა”, წერია პოლიციის განცხადებაში.

პოლიციის ცნობით, მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ მიხეილ შ. დაჭრილი იყო, სამართლდამცველებმა, ოპერატიული რეაგირებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მიხეილ შ. დაუყოვნებლივ ჩასვეს ავტომანქანაში და უახლოეს საავადმყოფოში მიიყვანეს.

სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მიხეილ შ. საავადმყოფოში მიყვანიდან დაახლოებით ერთ საათში გარდაიცვალა, ხოლო გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

გამოძიება ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 11-108-ე მუხლებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი