პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ქუთაისში დღეს, 4 იანვარს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში, რომლის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია “ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ არის, მონაწილეობას იმერეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა იღებდა. დღევანდელ აქციაზე გაგრძელდა ხელმოწერების შეგროვება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ქუთაისში 60 ათასი ხელმოწერაა შეგროვებული, საერთო ჯამში კი, საქართველოში 800 ათასი ხელმოწერა .
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით 10 დეკემბერს ხელმოწერების შეგროვება დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციამ “ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის”. აღნიშნულ მოთხოვნას ხელი მოაწერა ხელოვნებისა და კულტურის მუშაკების ნაწილმა. 24 დეკემბერს არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების ნაწილმა ოფიციალურად, წერილობით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. წერილის ავტორები მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომ მან 2013 წლის 4 იანვრამდე გააკეთოს საკონსტიტუციო განმარტება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადასთან დაკავშირებით. წერილს ხელს აწერენ ა/ო “ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის” წარმომადგენლები – რეზო ჩხეიძე, ელგუჯა ბურდული და მიხეილ ანდღულაძე, პ/გ “თეთრების” თავმჯდომარე თეიმურაზ შაშიაშვილი, “ქართულ-ოსური მისიის” თანათავმჯდომარე გიზო შარვაშიძე და სხვები.
აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ისინი 20 იანვარს პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეიკრიბებიან. ქუთაისის გარდა დღეს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც გაიმართა, მათ შორის თბილისში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან.