ქართულენოვანი National Geographic -ის რედაქტორის, ლევან ბუთხუზის თქმით, ჟურნალი რამდენიმე მიმართულებით აპირებს მუშაობის გაგრძელებას.
„თავისთავად ჟურნალის მიზანი საზოგადოების განათლებაა, ამაზე აღარ ვისაუბრებ. გვინდა რამდენიმე კონკრეტული პროექტი გავაკეთოთ. ვგეგმავთ, დამატებითი თანხები მოვიძიოთ და წლის მანძილზე ყველა სკოლა მოვიცვათ. რაღანცაირად მოვახერხოთ, რომ სკოლებში მასწავლებლებსა და ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება, ისეთი მაღალი დონის დამხმარე სახელმძღვანელო იკითხონ, როგორიცაა National Geographic-ი. ჰქონდეთ საშუალება, გაიზიარონ ის აღმოჩენები და სამეცნიერო მასალა, რომელიც ძალიან პოპულარული ენით არის დაწერილი,“- ამბობს ჟურნალის რედაქტორი.
ლევან ბუთხუზის თქმით, ჟურნალი გეგმავს, მჭიდრო კავშირი უნივერსიტეტებთანაც დაამყაროს.
„ამისათვის სპეციალური, ძალიან დაბალი ფასი გვაქვს სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, ჟურნალის არსებობის მანძილზე ტარდებოდეს დისკუსიები და სემინარები.“
გარდა ამისა, ირკვევა, რომ შესაძლოა საქართველოში National Geographic-ის ფონდი შემოვიდეს.
“ალბათ, წელიწადნახევარში, თუ საქართველოში გაამართლა ჟურნალმა, გვინდა შემოვიყვანოთ National Geographic-ის ფონდი, რომელიც სერიოზული საშუალებაა კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად. ახლაც შეუძლია ქართველ მეცნიერებს, უშუალოდ ვაშინგტონის ბიუროს მიმართონ ამ მიზნით, მაგრამ თუ მოვახერხეთ და აქვე გავახსნევინეთ წარმომადგენლობა, მაშინ გაცილებით უფრო იოლი იქნება ქართველი მკვლევარებისთვის გრანტების მიღება და, შესაბამისად, გარკვეული აღმოჩენების კეთება.”
ჟურნალ National Geographic-ს ქართულ ენაზე სატელეკომუნიკაციო კომპანია “სილქნეტის”მხარდაჭერით გამოსცემს.
აშშ-ის გეოგრაფიული საზოგადოება (National Geographic Society) 1888 წლიდან არსებობს და მისი მთავარი მისიაა, გაავრცელოს ცოდნა ჩვენი პლანეტის შესახებ. ჟურნალი 37 ენაზე გამოიცემა, 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება და 60 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს. ქართულენოვანი გამოცემის პირველი ნომერი 2012 წლის ოქტომბერში გამოვიდა.