ახალი ამბები

პრეზიდენტი: ვარშალომიძის პროკურატურაში დაბარებას გამართლება არ აქვს

28 დეკემბერი, 2012 •
პრეზიდენტი: ვარშალომიძის პროკურატურაში დაბარებას გამართლება არ აქვს

დღეს, რამდენიმე საათის წინ, ბათუმში დაიბარეს ანტიკორუფციული გამოძიების მიზნით ლევან ვარშალომიძე, არა მხოლოდ დაიბარეს, არამედ დაახვედრეს მთავრობის აქტივისტების ჯგუფი კარებთან, რომელთაც მას მიაყენეს შეურაცხყოფა, რომელთაც გაიწიეს მასზე. მე მინდა ყველას ვუთხრა, ღირსებაც უნდა გქოდეს როგორც საზოგადოებას. ბათუმი და აჭარა, რომელიც იყო მიწასთან გასწორებული, განადგურებული. არავინ არ იცოდა საერთოდ, რა იყო და როგორ იყო მსოფლიოში და ჩვენ ვიცოდით, რა უბედურ დღეში იყო. ამ კაცმა ერთპიროვნულად, ნუ ჩემი დახმარებითაც, დააყენა ფეხზე. აქცია ისეთ რეგიონად, რომელსაც მთელი ევროპა და მთელი რეგიონი შენატრის. ეს ხომ ჩემი ლაპარაკი არ არის, შეხედეთ სტატიებს, თვალები გაახილეთ და შეხედეთ, რა ააშენა ვარშალომიძემ და რა გააკეთა აჭარაში”, – განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, უსამართლობაა ის, რომ ვარშალომიძეს დაკითხვაზე იბარებს ის ხალხი, ვინც ასლან აბაშიძისთვის ბოდიშის მოხდას აპირებს:

 

“მე თვითონ ხომ ვარ ამის მოწმე, რომ დღე და ღამე არ უძინია. მართლა არაფერი არ უნდოდა თავისთვის, არც პირადი ცხოვრება მოუწყია, არც პირადი კეთილდღეობა მოუწყია, დღე და ღამე საერთოდ თვალი არ მოუხუჭავს, დასდევდა ინვესტორებს, ქმნიდა სამუშაო ადგილებს, ფიქრობდა, რა გაკეთებინა კიდევ მშობლიური მხარისთვის და ის ხალხი, ვინც იძახის, რომ ასლან აბაშიძეს უნდა მოუხადოს ბოდიში, ციხით უნდა დაემუქროს ვარშალომიძეს, რომელმაც დააბრუნა აჭარა საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში, მე ვფიქრობ, გავა დრო და ჩვენ ყველას შეგვრცხვება, იმათ, ვინც მონაწილეობდა, ამ ყველაფრის მონაწილე იყო და ვინც ამაზე პასიურად რეაგირებდა ან რამენაირად იდგა იმ ხალხის მხარეს, ვინც ამას აკეთებდა. მე არ ვიცი, რა გამართლება შეიძლება მოუძებნოს მომავალში ყველაფერ ამას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

შეგახსენებთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელი აჭარის სამმართველოში 18:00 სა­ათ­ზე გამოცხადდა. როგორც ვარშალომიძემ დაკითხვის შემდეგ განაცხადა, თემა პრივატიზაციის საკითხს შეეხებოდა. მას არ დაუსახელებია, თუ კონკრეტულად რომელ ობიექტზე იყო საუბარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი