პროფესორმა რეზო ჯორბენაძემ დღეს, 28 დეკემბერს, თსუ–ს მეექვსე კორპუსში პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ალექსანდრე კვიტაშვილი სუბიექტური, სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა და რექტორისგან დეკანის პოსტზე მისი კანდიდატურის დამტკიცება მოითხოვა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რეზო ჯორბენაძეს უპასუხა განცხადებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“28 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის ბრძანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატის რევაზ ჯორბენაძის დაკანად დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ.
თსუ იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლის ვასილ ბარამიძის განმარტებით, „რექტორის ბრძანებაში რევაზ ჯორბენაძის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე დამტკიცებაზე მოტივირებული უარია ნათქვამი. ფაკულტეტის დეკანის არჩევნები რეგულირდება შიდასაფაკლუტეტო სამართლებრივი აქტებით: 1. ფაკულტეტის დებულება, რომლის მე-7 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ფაკულტეტის საბჭო – ,,თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს“, რაც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრთა ოდენობიდან გამომდინარე (35 წევრი), მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 18 ხმას; 2. „სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევის წესი“, რომლის მიხედვითაც არჩევნებზე დამსწრე წევრთა რაოდენობა უნდა იყოს საბჭოს წევრების საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი, ხოლო გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას დააგროვებს. ხსენებული წესი არ აკონკრეტებს დეკანობის კანდიდატისათვის არჩევნებში გასამარჯვებლად საჭირო ხმების რაოდენობას.
ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი აქტები ადგენენ დეკანობის კანდიდატის არჩევის განსხვავებულ წესებს. შესაბამისად, იგი ყველა შემთხვევაში გამოიწვევს დაინტერესებულ მხარეებში არასამართლიანობის განცდას და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მხარეთა მიერ პროცედურის გასაჩივრებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრიორიტეტად განისაზღვრა არსებული სამართლებრივი ბაზის მოწესრიგება და ყოველი შემდგომი პროცედურების მის მიხედვით წარმოება.“
ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, დეკანობის ერთ-ერთმა კანდიდატმა რევაზ ჯორბენაძემ, რომელმაც 21 დეკემბერს გამართულ არჩევნებზე 16 ხმა მიიღო, პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე დეკანობის კანდიდატმა რექტორის ბრძანებას არასამართლებრივად მოტივირებული უწოდა. „მოვითხოვ, რექტორმა შეცვალოს გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად დავიცავ თავს სამართლებრივი გზით.“
ხელახალი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება აკადემიურმა საბჭომ უნდა მიიღოს. არჩევნები აკადემიური საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებიდან 7 კვირის ვადაში გაიმართება. მანამდე კი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭომ უნდა მოაწესრიგოს არსებული სამართლებრივი ბაზა, რაც არჩევნების პროცესს სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქცევს”.