ახალი ამბები

თსუ–ს რექტორმა დეკანის პოსტზე აკადემიური საბჭოს კანდიდატს უარი უთხრა

28 დეკემბერი, 2012 • • 2005
თსუ–ს რექტორმა დეკანის პოსტზე აკადემიური საბჭოს კანდიდატს უარი უთხრა

2012 წლის 21 დეკემბერს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭომ ჩაატარა დეკანის კანდიდატობის

რეზო ჯორბენაძე
რეზო ჯორბენაძე

არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა ორმა სრულმა პროფესორმა მიიღო – ლელა გაფრინდაშვილმა და რეზო ჯორბენაძემ. დეკანის მოვალეობის შემსრულებელ ანდრო ბარნოვს ფაკულტეტის აკადემიურმა საბჭომ კონკურსში მონაწილეობის უფლება არ მისცა. არჩევნებზე საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რეზო ჯორბენაძის კანდიდატურას, რის შემდეგაც ამავე ფაკულტეტის დეკანის პოსტზე წარსადგენად თსუ–ს რექტორს, ალექსანდრე კვიტაშვილს წარედგინა.

 

ალექსანდრე კვიტაშვილმა 2012 წლის 27 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის პოსტზე რეზო ჯორბენაძის დამტკიცებას უარი ეთქვა. 

 

პროფესორმა რეზო ჯორბენაძემ დღეს, 28 დეკემბერს, თსუ–ს მეექვსე კორპუსში პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ალექსანდრე კვიტაშვილი სუბიექტური, სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა და რექტორისგან დეკანის პოსტზე მისი კანდიდატურის დამტკიცება მოითხოვა.

 

რეზო ჯორბენაძის განცხადებით, რექტორს შეეძლო ფაკულტეტის მიერ არჩევნების გზით შერჩეული კანდიდატის დამტკიცებაზე უარი ეთქვა, თუმცა ამას უნდა ჰქონოდა შესაბამისი დასაბუთება. ჯორბენაძე კვიტაშვილს სწორედ ბრძანების მოტივაციას უწუნებს.

 

“ა.წ. 30 ნოემბერს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის – ანდრო ბარნოვის ინიციატივით მიღებულ იქნა ამავე ფაკულტეტის დეკანის არჩევის წესი”, – აცხადებს რეზო ჯორბენაძე, რომლის თქმითაც, ეს ცვლილება გამოწვეული იყო თსუ–ს სამართლებრივი სტატუსის ცვლილებით, კერძოდ, აღნიშნული სასწავლებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი შეიცვალა და გახდა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი.

 

რეზო ჯორბენაძის თქმით, ალექსანდრე კვიტაშვილის ბრძანების მოტივაცია ეხება იმ სამართლებრივ ნორმას, რომელიც 30 ნოემბრამდე მიღებულ დოკუმენტამდე მოქმედებდა, შესაბამისად, ის სამართლებრივად გაუმართავია და ეწინააღმდეგება თსუ–ს წესდებასა და ფაკულტეტის საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებას.

 

“ეს იყო სუბიექტური გადაწყვეტილება, რადგან დღესდღეობით დეკანის მოვალეობის შემსრულებლად ისევ დარჩა ბატონი ანდრო ბარნოვი, რომელიც აკადემიურმა საბჭომ არ დაუშვა არჩევნებზე”, – მსგავს ახსნას უძებნის რეზო ჯორბენაძე თსუ–ს რექტორის გადაწყვეტილებას.

 

“ნეტგაზეთი” შეეცადა დაკავშირებოდა თბილისის ივ. ჯვახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ალექსანდრე კვიტაშვილს საკითხის გარშემო მისი დასაბუთების მოსასმენად, თუმცა მასთან დაკავშირება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განგვიცხადა, რომ ალექსანდრე კვიტაშვილთან დღის განმავლობაში დაგვაკავშირებს. შესაბამისად, მის მოსაზრებასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი