ახალი ამბები

14 სპეციალობაზე სწავლა უფასო ხდება

28 დეკემბერი, 2012 • • 1322
14 სპეციალობაზე სწავლა უფასო ხდება

ეროვნული გამოცდების შედეგად 14 სპეციალობის სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში 2013 წლიდან უფასოდ ისწავლიან. განათლების და მეცნიერების სამინისტრომ 8 მილიონი ლარი გამოყო შემდეგი სპეციალობებისთვის სტუდენტების დაფინანსებისთვის: აგრონომია, განათლების მეცნიერებები, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მშენებლობა, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ეკონომიკა, არქეოლოგია, ისტორია, ქართული ფილოლოგია, ფილოსოფია და არქიტექტურა.

 

დაფინანსება ეხებათ მხოლოდ იმ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრილ სტუდენტებს, რომელ სასწავლებლებსაც ზემოაღნიშნულ მიმართულებებზე სადოქტორო პროგრამები აქვთ.

 

განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, 7 უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტები ამ მიმართულებებზე სახელწიფოსგან მიიღებენ 4- წლიანი სწავლის საფასურის დაფინანსებას.

 

გარდა ამისა, ზურაბიშვილმა განაცხადა: “30%-იანი გრანტის გაუქმებით, რომელიც ფაქტიურად დიდ შეღავათს არ იძლეოდა, ჩვენ შევძელით 50, 70 და 100%-იანი გრანტების გაზრდა, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი სტუდენტი მიიღებს დაფინანსებას”.

 

მისი თქმით, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიზანია ამ სპეციალობების პოპულარიზაცია, რადგან არსებული სპეციალობები სახელწიფოსგან სტუდეტნების წახალისებას საჭიროებენ. სახელმწიფოსთვის კი ამ დარგის სპეციალისტების არსებობა საჭირო და მნიშვნელოვანია.

 

“8 მილიონი ლარი ასე ვიანგარიშეთ: იმ რაოდენობით, რაც აღნიშნულ მიმართულებებზეა გამოცხადებული უმაღლეს სასწავლებლებში, ამ თანხაში ჩავეტიეთ, მე მინდა იმის თქმა, რომ წინა ხელისუფლების დროსაც თავისუფლად იყო შესაძლებელი, უბრალოდ ეს ასე არ ხდებოდა,”-განაცხადა ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი