ახალი ამბები

პრეზიდენტი: პედოფილიის ნაწილსაც დავადებ ვეტოს

28 დეკემბერი, 2012 • 1185
პრეზიდენტი: პედოფილიის ნაწილსაც დავადებ ვეტოს

“ამნისტია მნიშნველოვანი საკითხია და ის ეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. საქართველოს პარლამენტიდან 10 წუთის წინ შემოვიდა ამნისტიის კანონი ჩემთან ხელმოსაწერად. ამ ცოტა ხნის წინ შს მინისტრმა განაცხადა, რომ დანაშაული უმნიშვნელოდ, 50% -ით გაიზარდა, ეს არ არის სასაცილო. მათ შორის ბევრი უკვე გამოვიდა, მათ შორის, ბევრის გამოსვლას მე მოვაწერე ხელი, როცა სიები წარმიდგინეს, “- განაცხადა პრეზიდენტმა. როგორც წესი, ამნისტია ცხადდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის სტაბილური ვითარება და შეგიძლია დააცარიელო ციხე.

 

პრეზიდენტის თქმით, არის კონკრეტული მუხლები, რომელთაც ამნისტია არ უნდა შეეხოს.

 

“ე.წ. პოლიტიკური პატიმრები. არც ერთ საერთაშორისო სერიოზულ ორგანიზაციას ის არ უთქვამს, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები. 5 პოლიტიკური პატიმარი არის აღიარებული ბელარუსში, 11 -ჩრდილო კორეაში, საქართველოს პარლამენტმა კი 200 პოლიტიკური პატიმარი გამოაცხადა. ვის ვაწონებთ ამით თავს? მინიმუმ ვაცხადებთ, რომ ვართ არასერიოზული ქვეყანა. ვინ ჩამოვა, ვინ ჩადებს აქ ფულს, ვინ დაგვასაქმებს,”- განაცხადა სააკაშვილმა.

 

მისივე თქმით, საუბარია კონკრეტულ ადამიანებზე.

 

“გევორქიანმა პირდაპირ მისცა “ნაკოლი” და ფოთში მოგვიკლეს უამრავი ადამიანი, ეს არის ენვერის საქმე.  ის ახლა გარეთ გადის. იყო ასეთი უწყინარი მკვლევარი მაისაია. ერთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა ევროპაში, სადაც უსაფრთხოების ანალიზების მიწოდება სთხოვეს. მოთხოვნები მოგვიანებით გაიზარდა და სულ უფრო სერიოზულ ანალიზებს სთხოვდნენ, რომელსაც თავდაცვის სამინისტროში მოიპოვებდა.
2006 წელს რუსეთის გრუ-ს აგენტები დავაკავეთ, რის გამოც მაისაიას შეეშინდა და მათთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. მაგრამ იქ უთხრეს, ნურას უკაცრავად, ბიჭო, შენ ხომ არაფერი გეშლება და ენჯეო ხომ არ გგონივართო და იმანაც გააგრძელა. 2008-ში მაისაია იჯდა ჩვენი ოპერატიული მორიგის გვერდით და გადასცემდა რუსებს ჩვენი ნაწილების გადაადგილების სქემებს. ახლა მაისაია გადის გარეთ, როგორც პოლიტპატიმარი. ამ სიით გარეთ გამოდიან სახელმწიფო გადამტრიალებლებიც, რომლებმაც მუხროვანის ამბოხება მოაწყვეს. იმედი მაქვს, ამ ხალხს ჩემს ჯიბრზე უშვებენ და არა რუსეთის დაკვეთით,”- ამბობს პრეზიდენტი. 

 

მისივე თქმით, ამ ნაწილს ვეტოს დაადებს.

 

“არ მინდა საქართველოს მოვჭრა თავი. მიმაჩნია, რომ დანარჩენი ამნისტიაც მიუღებელია, მაგრამ ეს არის პარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება და თუ მათ სურთ, გადალახონ პირველ ნაწილში ვეტო, აიღონ პასუხისმგებლობა, რომ საქართველოს თავს ჭრიან. გამოუშვან გადამტრიალებლები, აგენტები და პუტინი კიდევ ერთხელ შეაქებს, ხელს გადაუსვამს და იტყვის, რომ საქართველოდან პოზიტიური სიგნალები მოდის. მე დავადებ ვეტოს ამას და იმასაც, რომ ყველა სხვა დანაშაულში გაჰყავთ პედოფილია, რომელიც არ იკურნება. ყველა სხვა დანარჩენი ჯანდაბას, მაგრამ პედოფილიის ნაწილს ვადებ ვეტოს. გადალახონ ეს ვეტოც და აიღოს პასუხისმგებლობა პარლამენტმა, რომ ციხიდან უშვებს პედოფილებს, სახელმწიფო გადამტრიალებლებს და რუსეთის ჯაშუშებს, მაგრამ მე საღ აზრზე ამას ხელს არ მოვაწერ,” – განაცხადა პრეზიდენტმა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი