სირიაში მომხდარი ქიმიური თავდასხმის გამო გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრა სერგეი ლავროვთან გააუქმა.
The Guardian-ის ცნობით, 10 აპრილს ბორის ჯონსონი უნდა შეხვედროდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, თუმცა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა მდგომარეობა საფუძლიანად შეცვალა.” 2012 წლის შემდეგ ამ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები არ შეხვედრიან.
The Guardian-ის ცნობითვე, ჯონსონმა განაცხადა, რომ მისთვის ახლა მნიშვნელოვანია დიდ შვიდეულთან თანამშრომლობა.
“ჩემთვის მნიშვნელოვანია, გავაგრძელო ურთიერთობა აშშ-სა და სხვებთან დიდი შვიდეულის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრებში 10 და 11 აპრილს, რათა ავაგოთ შეთანხმებული საერთაშორისო მხარდაჭერა მშვიდობის დამყარებისათვის. ჩვენ ვიწუნებთ რუსეთის მხარდაჭერას ასადისადმი ქიმიური თავდასხმის შემდეგაც, რომელმაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი ისხპერპლა. მოვუწოდებთ რუსეთს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გააკეთოს ყველაფერი სირიაში მდგომარეობის გამოსასწორებლად”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ეს გადაწყვეტილება ბორის ჯონსონმა მას შემდეგ მიიღო, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის საჰაერო ავიადრომზე, რომელსაც ასადის ხელისუფლება აკონტროლებს, იერიში 7 აპრილს, ადგილობრივი დროით 04:40 საათზე მიიტანა.
4 აპრილს, გამთენიისას, სირიის ქალაქ ჰან შეიხუნში სამხედრო თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები, დაიღუპნენ. იმის მიუხედავად, რომ სირიისა და რუსეთის მთავრობა უარყოფდნენ მონაწილეობას ამბოხებულების გავლენის ქვეშ მყოფ დასახლებაზე თავდასხმაში, სადაც სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ ეს იყო მათი მოწყობილი სამხედრო იერიში.
აშშ-ის საჰაერო იერშის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და აშშ-ის სამხედრო ძალების თავდასხმა სირიის სამთავრობო ძალებზე დროულ ნაბიჯად შეაფასა.