ახალი ამბები

აშშ-ის იერიში სირიაში დროული იყო – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია

7 აპრილი, 2017 • 2452
აშშ-ის იერიში სირიაში დროული იყო – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალების თავდასხმა სირიის სამთავრობო ძალებზე დროული იყო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს აცხადებს, რომ ჰან შეიხუნში ქიმიური იარაღის გამოყენებით სირია საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს და ამგვარი ქმედება არ უნდა დარჩეს უპასუხოდ.

“მიგვაჩნია, რომ აშშ-ის მიერ განხორციელებული საპასუხო ქმედება იყო დროული, ადეკვატური და გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა. მნიშვნელოვანია, რომ გატარდა ყველა სახის გამაფრთხილებელი ზომა.”, – წერია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც დღეს, 7 აპრილს გაავრცელა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება გამოიჩენს სათანადო პრინციპულობასა და ერთიანობას სირიაში საბოლოო მშვიდობის დასამყარებლად.

აშშ-ს საჰაერო თავდასხმა სირიაში © EPA/SEAMAN FORD WILLIAMS

აშშ-ს საჰაერო თავდასხმა სირიაში © EPA/SEAMAN FORD WILLIAMS

4 აპრილს, გამთენიისას, სირიის ქალაქ ჰან შეიხუნში სამხედრო თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები, დაიღუპნენ. იმის მიუხედავად, რომ სირიისა და რუსეთის მთავრობა უარყოფდნენ მონაწილეობას ამბოხებულების გავლენის ქვეშ მყოფ დასახლებაზე თავდასხმაში, სადაც სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ ეს იყო მათი მოწყობილი სამხედრო იერიში.

ამის საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის საჰაერო ავიადრომზე, რომელსაც ასადის ხელისუფლება აკონტროლებს, იერიში 7 აპრილს, ადგილობრივი დროით 04:40 საათზე მიიტანა.

BBC-ის ინფორმაციით, ტომაჰავკის ტიპის 59 რაკეტა ხმელთაშუა ზღვაში განლაგებულმა ორმა სამხედრო ხომალდმა ესროლა. გთავაზობთ ფოტომასალას ევროპის პრესფოტო სააგენტო Epa-ზე დაყრდნობით. ფოტოები აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერაა გადაღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი