კახეთის რეგიონში ელექტროენერგიის განაწლებას “კახეთის ენერგოდისტრიბუცია” ახორციელებს. კომპანია 117 058 აბონენტს ემსახურება.
ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ “კახეთის ენერგოდისტრიბუციასთან” ტარიფის შემცირების შესახებ მემორანდუმი ვერ გაფორმდა, რადგან კომპანია გაკოტრების რეჟიმში იმყოფება.
სამინისტროში აცხადებენ, რომ კახა კალაძე ამ დღეებში მთავრობას სპეციალური განაცხადით მიმართავს, რომლის საფუძველზეც “კახეთის ენერგოდისტრიბუციის” ტარიფი “ენერგოპრო ჯორჯიას” ტარიფს გაუტოლდება. მთავრობა ამ საკითხზე სპეციალურ დადგენილებას მიიღებს. ”გადაწყვეტილების მიღებამდე ტარიფის სხვაობის სუბსიდირებას სახელმწიფო მოახდენს. კახეთის მოსახლეობა არ დაზარალდება,”– აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 27 დეკემბრის სხდომაზე ცვლილებები შეიტანა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ # 33 დადგენილებაში და სს „თელასისა“ და „ენერგო–პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები შეამცირა.
აღნიშნული ცვლილება სახელმწიფოსა და ენერგოკომპანიებს – სს „ინტერ რაოს“–სა და სს „ენერგო–პრო ჟორჯიას“ შორის დროებითი მემორანდუმის გაფორმებამ გამოიწვია. კერძოდ, 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე სს „თელასის“ მომხარებლები, რომლებიც მოიხმარენ 0–დან 101 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიას, დღგ–ს ჩათვლით 9,94 თეთრს გადაიხდიან, ხოლო აბონენტები, რომელბიც 101–დან 301 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიას მოიხმარენ – 12.46 თეთრს.
რაც შეეხება „ენერგო–პრო ჯორჯიას“ აბონენტებს, 0–დან 101 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიის მომხმარებლები დღგ–ს ჩათვლით 9.44 თეთრს გადაიხდიან, ხოლო 101–დან 301 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიის მომხმარებლები კი, 12.98 თეთრს.