ახალი ამბები

ფანჯიკიძე: სამინისტროში კოაბიტაციის პროცესი გარკვეულ შემთხვევებში ცუდად მიმდინარეობს

27 დეკემბერი, 2012 • 984
ფანჯიკიძე: სამინისტროში კოაბიტაციის პროცესი გარკვეულ შემთხვევებში ცუდად მიმდინარეობს

მინისტრის განმარტებით, საგარეო უწყებაში კოაბიტაციის პროცესი გარკვეულწილად კარგად მიმდინარეობს, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში სერიოზული პრობლემებია. 

 

“ზოგიერთ საკითხში კოაბიტაცია გართულებულია. ეს არის ელჩების თემა. მოგეხსენებათ რამდენიმე ელჩმა თავიდვე გამოავლინა სურვილი, არ ეთანამშრომლა ახალ ხელუსუფლებასთან. ამის მიუხედავად, 2 თვეა გასული და მხოლოდ ერთის გამოკლებით, ყველა თანამდებობას ინარჩუნებს. ალბათ, მომავალ 1-2 თვეში მათი გამოცვლის საშუალება მოგვეცემა. მე უშიშორების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას გადავეცი სია იმ ქვეყნებისა, სადაც ახალ მთავრობას მიაჩნია, რომ მისი წარმომადგენელი უნდა იყოს ელჩი. ესეც არის გაჭიანურებული პროცესი და ვერ იძვირს ადგილიდან,”- ამბობს ფანჯიკიძე.

 

ამასთან, ფანჯიკიძის თქმით, რამდენიმე მისიის ხელმძღვანელს როტაციის ვადა გასდის და მათი გამოწვევა ვინმეს ნება-სურვილზე აღარ იქნება დამოკიდებული.

 

“უკვე შერჩეული არიან შემცვლელი კანდიდატურები, თუმცა, მათ მაშინ დავასახელებთ, როდესაც ელჩები როტაციის გზით გამოწვეული იქნებიან.”

 

თანამშრომელთა საკითხზე საუბრის დროს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ აღნიშნული სამინისტრო ერთ-ერთია, სადაც მინისტრის 2 მოადგილემ თანამდებობა შეინარჩუნა.

 

“ორივე არის ძალიან კარგი და გამოცდილი დიპლომატი, რომლებსაც ამ სამინისტროში ვარდების რევოლუციის შემდეგ არ დაუწყიათ მუშაობა. ჩვენი დიპლომატიური კარიერა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთმანეთს დაემთხვა, ძალიან კარგად ვიცნობ მათ და პატივს ვცემ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტრო მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა დატოვა, მათ შორის ზოგიერთმა საკუთარი სურვილით. ჯამში, დაახლოებით 95 %-მა სამსახური შეინარჩუნა,”- აცხადებს ფანჯიკიძე. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი