ახალი ამბები

სუბარი: ციხის თანამშრომლებმა შეცდომა დაუშვეს

27 დეკემბერი, 2012 • 4740
სუბარი: ციხის თანამშრომლებმა შეცდომა დაუშვეს

“დაუშვეს შეცდომა ადამიანებმა, ვისაც უნდა ედევნებინა თვალი კამერისთვის. წინასწარ იყო გაფრთხილება, რომ პატიმარი მიდრეკილი იყო სუიციდისადმი. მათ არ მიაქციეს ყურადღება. სუიციდისთვის მზადება დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა,”- განაცხადა მინისტრმა.

 

სუბარის განცხადებით, აღნიშნული დანაშაულის გამოვლენის მიზნით ამჟამად მიმდინარეობს შიდა მოკვლევა.

 

“სასჯელაღსრულების სისტემაში 4500 ადამიანი მუშაობს, რომელთაც გადამზადება სჭირდება,”- აცხადებს სუბარი.

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის 24 დეკემბერს, 15:45 საათზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა #6 დაწესებულებაში სავარაუდო სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა.

 

მსჯავრდებული თ.კ. უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა #1 ახალი სარეჟიმო კორპუსის #4 საკანში ჩამომხრჩვალი იპოვა.

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, მაია ხასიას განმარტებით, 2012 წლის 23 დეკემბერს დაწესებულების ექიმმა 28 წლის მსჯავრდებულთან დაკავშირებით მოახდინა სუიციდის გამაფრთხილებელი ნიშნების იდენტიფიცირება: მოჭარბებული უხასიათობა და განწყობის დაქვეითება, ქცევის ცვლილება, რაზეც მოხდა რეაგირება და პატიმარი გადაყვანილი იქნა სხვა საკანში 24- საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ. ასევე გამოიძახეს ფსიქიატრი შემდგომი კონსულტაციისთვის.

 

“მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა. თკ. სასჯელს იხდიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის(ყაჩაღობა) მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ეცნობათ აღნიშნული ფაქტის შესახებ. ამავდროულად, დაუყოვნებლივ მოხდა საგამოძიებო ორგანოების ინფორმირება და ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება”, – აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გუშინ, 26 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი