ირკვევა, რომ სამინისტროში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელშიც გაწევრიანებულია 8 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მათ შორის არიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.
კომისია მუშაობას ნოემბრის თვიდან შეუდგა, მან დაიწყო იმ პირთა დავების შესწავლა, რომელთაც სამინისტროს განცხადებით მიმართეს. კომისიამ მუშაობის შედეგად უნდა გამოვლინოს, თვლის თუ არა, რომ ამა თუ იმ შემთხვევაში ჰქონდა მასწავლებელთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტს.
კომისია პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების მხოლოდ იმ შემთხვევებს განიხილავს, რომელთაც ადგილი ჰქონდათ 2006 წლის 1 იანვრიდან კომისიის შექმნამდე, ანუ 2012 წლის დეკემბერამდე.
როგორც სამინისტროში ამბობენ, ამ ეტაპზე კომისიის სახელზე 1000-მდე განცხადებაა შესული, თუმცა სამუშაო ჯგუფმა ჯერჯერობით 150-მდე განცხადება შეისწავლა. შედეგ ეტაპზე კი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდება შუალედური დასკვნები.
კომისიის აღნიშნული დასკვნები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება, ვინაიდან კომისია გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტის დადასტურების ან უარყოფის შესახებ.
“ვართ მაქსიმალურად მოტივირებული, რომ საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი დაკვეთა, სამართლიანობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებული, იყოს ბოლომდე რეალიზებული,”- ამბობს ალუდა გოგლიჩიძე.
იქნებიან თუ არა პედაგოგები აღდგენილი სამსახურებში მას შემდეგ, რაც კომისია დაადგენს ამა თუ იმ პედაგოგის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტს, ალუდა გოგლიჩიძის თვლის, რომ სამსახურში აღდგენა სამართლებრივი აქტია, კომისიის მუშაობის შედეგი კი სხვა ტიპის, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და სამინისტროს აღდგენის ბერკეტები არ გააჩნია.
2013 წლის 14 იანვარი განცხადებების შეტანის ბოლო ვადად განისაზღვრა. განცხადებების შეტანა შეიძლება სამინისტროში ან შესაბამის რესურსცენტრში.