კანონპროექტის მიხედვით, საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე არ ვრცელდება კანონმდებლობით დადგენილი აკრედიტაციის წესები. კანონპროექტის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული გამოწვეულია საერო და საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებს შორის არსებული განსხვავებებით. თუმცა იგივე კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ 2015 წლიდან მსგავსი სასწავლებლების ავტორიზაცია სავალდებულო იქნება.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიზანია საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მაქსიმალური ავტონომიისა და დამოუკიდებლობის მინიჭება.
კანონპროექტის მიხედვით, საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტთა ჩარიცხვა მოხდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების გვერდის ავლით პატრიარქის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო სამაგისტრო გრანტი სტუდენტებს ენიჭებათ პატრიარქის წარდგინებით.
გარდა ამისა, ცვლილებების პროექტით გათვალისწინებულია საღვთისმეტყველო უმაღლესი სასწავლებლების მიერ 2005 წლიდან დღემდე გაცემული დიპლომების აღიარების წესის დამტკიცება 2013 წლის 1 აგვისტომდე.