ახალი ამბები

პანიკა ქუთაისში მიწისძვრის მოლოდინში

26 დეკემბერი, 2012 • 2291
პანიკა ქუთაისში მიწისძვრის მოლოდინში

სოციალურ ქსელ ფეისბუქში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ქუთაისიდან დაპოსტა, რომ ქუთაისის ერთ-ერთი უბანში ოჯახის წევრებმა მოსალოდნელი მიწისძვრის გამო მიცვალებული რამდენიმე წუთით სახლიდან ეზოში გამოასვენეს.

 

თამრიკო გოგელია ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობს. ამბობს, რომ ამ ქუჩაზე რამდენიმე მაღაზია დაიკეტა, როცა გაიგეს, რომ ძლიერი მიწისძვრა უნდა მომხდარიყო:

“კორპუსებიდან ხალხი იყო გამოსული, 10 წუთში დაიწყება მიწისძვრაო, ამბობდნენ”.

 

ამავე ქუჩაზე მცხოვრები ნატო ხელაძე ამბობს, რომ მას ბათუმიდან დაურეკა დეიდაშვილმა, თუმცა, როცა კორპუსი დატოვა, მეზობლები უკვე ქუჩაში იყვნენ:

 

“ბათუმიდან დამირეკა დეიდაშვილმა, რომ მიწისძვრაა მოსალოდნელი და სახლიდან გადითო. მეზობლებიც იყვნენ გამოსული. ტელევიზიით გამოუცხადებიათ, ორიდან სამამდე იქნებაო.”

 

დღეს, შუადღისას ბათუმში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსალოდნელი იყო ძლიერი მიწისძვრა, რამაც ქალაქში პანიკა გამოიწვია. ამის შემდეგ პანიკური ვითარება შეიქმნა დასავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებშიც, კერძოდ, ქუთაისსა და ფოთში.

 

ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მსოფლიოში არ არსებობს მიწისძვრის პროგნოზირების პრეცენდენტი:

 

“შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ ყველანაირ მეცნიერულ საფუძველს მოკლებულია. ყველა ძლიერ მიწისძვრას თან სდევს გარკვეული პერიოდის განმავლობაში განმეორებითი ბიძგები. ეს წარმოადგენს ბუნებრივ პროცესს და არ უნდა ედოს საფუძვლად ხალხში პანიკის გაჩენას.”

 

შეგახსენებთ, რომ მიწისძვრა საქართველოში დღეს, გამთენიისას დაფიქსირდა. მიწისძვრა იყო ასევე 23 დეკემბერსაც. ეპიცენტრი საქართველოს სანაპირო ზოლიდან შავ ზღვაში თავდაპირველად 30 კმ–ში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 5,5- 5.0 მაგნიტუდა შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი