“ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ერთიანი სახელმწიფო სადაზღვევო ფონდის შექმნა. ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, სადაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოსა და სოციალური დეპარტემენტის ხელმძღვანელები შედიან. შემუშავებულია 50- პუნქტიანი სამუშაო სტრეტეგიული გეგმა ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის ექპსერტების მიერ. ხვალ ველოდებით ექსპერტს ესტონეთიდან, ჯორჯ მენიკს, სწორედ მისი შექმნილია ერთიანი სადაზღვევო ფონდის ესტონური მოდელი,”- ამბობს სერგეენკო.
მინისტრის თქმით, იანვრის დასაწყისისთვის სტურქტურაში მომუშავე კადრების შერჩევა უკვე დაიწყება, თებერვლის ბოლოს კი ერთიანი სადაზღვევო ფონდი მუშაობას დაიწყებს.
დღესვე ჯანდაცვის მინისტრმა ახალი მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, როცა ჯანდაცვის ბიუჯეტი თითქმის ორმაგდება.
2013 წლის ბიუჯეტის თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2 345 000 000 (ორი მილიარდ 345 მილიონ) ლარს მოიცავს.
დავით სერგეენკოს თქმით, მომავალი წლიდან მთავრობა იწყებს საარჩევნოდ გაცემული დანაპირების ეტაპობრივად შესრულებას.
კონკრეტულად კი, თუკი 2011 წელს სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი იყო 1 281 301 000 ლარი, ხოლო 2012 წელს 1 379 602 200 ლარი, მინისტრის განმარტებით, 2013 წლის ბიუჯეტში სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილია 1 654 722 000 ლარი.
რაც შეეხება საპენსიო უზრუნველყოფას, ჯანდაცვის სამინისტრო აქ რამდენიმე კატეგორიას გამოყოფს:
- 2013 წლის 1 აპრილიდან 67 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია 110 ლარიდან გაიზრდება 125 ლარამდე.
- მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა (I ჯგუფის ინვალიდები) პენსია 100 ლარიდან გაიზრდება 125 ლარამდე.
- 2013 წლის 1 ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის(57 ათას ქულამდე მყოფი) არსებული ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარის ნაცვლად გაიცემა 60 ლარი. ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე არსებული 24 ლარის ნაცვლად გაიცემა 48 ლარი.
- 2013 წლის 1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსია 125 ლარიდან გაიზრდება 150 ლარმდე.
- შშმ ბავშვთა და II ჯგუფის ინვალიდობის პენსია 70 ლარიდან გაიზრდება 100 ლარამდე;
- მარჩენალდაკარგულების და პოლიტრეპრესირებულების პენსია 55 ლარიდან გაიზრდება 100 ლარამდე;
2013 წლის 1 აპრილიდან ძალოვანი პენსიონერებისთვის და სამოქალაქო ავიაციის მომსახურეთა სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდება, რისთვისაც ბიუჯეტში 19 მლნ ლარია გათვალისწინებული.

კიდევ ერთ საკითხზე, საყოველთაო დაზღვევაზე საუბრის დროს, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს 4- მილიონიანი მოსახლეობდან 2 მილიონი უკვე დაზღვეულია მიზნობრივი ჯგუფების ფარგლებში, დარჩენილი 2 მილიონიდან კი 350-400 ათასი მოქცეულია კორპორაციული დაზღვევის ქვეშ (სწორედ აქ შედიან შეძლებული და მდიდარი ადამიანები).
“პირველ ეტაპზე, ანუ 2013 წლის თებერვლიდან მინიმალური სადაზღვევო პაკეტით უზრუნველყოფილი იქნებიან ისინი, რომლებსაც საერთოდ არანაირი დაზღვევა არ გააჩნიათ. მინიმალურ სადაზღვევო პაკეტი მოიცავს 2 მთავარ ბლოკს: ოჯახის ექიმთან ვიზიტს შეუზღუდავად, თანაგადახდის გარეშე და გადაუდებელი შემთხვევების მართვას, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ დონეზე. ამას ემატება ის დიაგნოისტიკური კვლევები, რომელიც საჭიროა ამბულატორიული პირველადი შეფასებისთვის. რაც შეეხება სტაციონარულ-ურგენტულ მომსახურებას, კვლევა აქაც იგულისხმება იმ შემთხვევების გათვალიიწნებით, რომელიც აუცილებელია კონკრეტული დაავადების მიმდინარეობისას.
1 ივლისიდან საქართველოს ყველა მოქალაქე მიიღებს საბაზისო სადაზღვევო პაკეტს, ანუ არსებულ პაკეტს დაემატება გეგმიური სერვისი, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ დონეზე. ასევე გაფართოვდება ამბულატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების ჩამონათვალიც და დაფინანსდება ორსულობაც და მშობიარობაც,”- აცხადებს მინისტრი.
