პროკურატურის განცხადებით, სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებით დიდი რაოდენობით თანხების გაფლანგვაში მხილებული არიან მაღალი თანამდებობის პირები.
“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2012 წლის 8 სექტემბერს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს თერთმეტ ქალაქში ყრილობა გამართა. ქალაქ ზუგდიდში ხალხის ჩასაყვანად პარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა შესაბამისი ხელშეკრულებით დაიქირავა ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების კომპანიები, რომლებსაც პარტიის ანგარიშიდან მხოლოდ მძღოლების ანაზღაურების საფასური გადაერიცხათ, 39 900 ლარი, რადგან მიკროავტობუსთვის საჭირო იყო დიდი რაოდენობით საწვავი, შემუშავდა პარტიული ღონისძიების ე.წ. შავი არხით თვალთმაქცური გეგმა”.
პროკურატურის თქმით, სქემაში ჩაება შინაგან საქმეთა სამინისტროც. გამოძიების მასალებით, დანაშაულთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ბიუჯეტიდან მიზნობრივად შესყიდული საწვავიდან მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის ნიკოლოზ ძიმცეიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ლევან ქარდავას ორგანიზებით, 54 000 ლიტრი დიზელის საწვავის ტალონები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას გადაეცა.
“ქობალიამ შსს–სთვის განკუთვნილი საწვავის ტალონები გადაუნაწილა 393 მიკროავტობუსის მძღოლს. “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ფაქტობრივი ხარჯების შენიღბვისა და შემცირების მიზნით გააყალბა ანგარიშგების დოკუმენტები და მიუთითა, რომ თითქოსდა აქციაში მხოლოდ 93 მიკროავტობუსი მონაწილეობდა”.
აღნიშნული დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა აღნიშნავს, რომ გამოძიებისას გამოიკვეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” უკანონო წარმომავლობის თანხების დაფინანსების რამდენიმე სხვა ფაქტიც.
“გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის 23 სექტემბერს ზუგდიდში პარტიის აქციის ორგანიზებისთვის საჭირო სატრანსპორტო ხარჯები 120 000 ლარი, ფარულად , საფინანსო დეკლარაციაში ასახვის გარეშე, თბილისის მერის მოადგილემ დავით ალავიძემ გადაიხადა, რაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად წარმოადგენს პარტიის სასრგებლოდ უკანონო შემოწირულობას.”
სათანადო მასალები გადაეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შემდგომი რეაგირებისთვის. გამოძიება მიმდინარეობს.