ახალი ამბები

მიწისძვრის შიში ბათუმში

26 დეკემბერი, 2012 •
მიწისძვრის შიში ბათუმში

ბაღებში ჩაიშალა სასწავლო პროცესი, თუმცა ბათუმის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათ ბაღებში არ დაურეკავთ  და ეს ინფორმაცია მათაც ფეისბუქზე გავრცელებული სტატუსებით გაიგეს.  

„ბათუმელებს” რამდენიმე წყარომ დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მოსახლეობას შენობების დატოვებისკენ მოუწოდებდა საპატრულო პოლიციაც.  თუმცა ბათუმის საპატრულო პოლიციაში აღნიშნულს გამორიცხავენ. მორიგე პოლიციელის თქმით, მსგავსი ბრძანების შემთხვევაში, ინფორმაცია პატრულისთვის მას უნდა მიეწოდებინა. ამ წუთებში პოლიცია იმის დასადგენად მუშაობს, თუ საიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომელმაც პანიკა გამოიწვია. 

ბათუმში დაიკეტა მაღაზიები, სუპერმარკეტები, სხვადასხვა სამსახურები. ადამიანები ძლიერი მიწისძვრის შიშით შენობებში არ შედიოდნენ. ავადმყოფები გამოვიდნენ ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოდან, სტუდენტები  –  უნივერსიტეტიდან. „ბათუმელების” მიერ გამოკითხული ადამიანები ვერ ასახელებენ კონკრეტულ  წყაროს ან საინფორმაციო საშუალებას, საიდანაც მიიღეს ინფორმაცია მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ.   

ამ წუთებში ბათუმში პანიკა შესუსტდა, მაღაზიების ერთი ნაწილი გაიღო და ადამიანები შენობაში დაბრუნდენ. 

შეგახსენებთ, რომ მიწისძვრა საქართველოში დღეს, გამთენიისას ორჯერ დაფიქსირდა. ეპიცენტრი საქართველოს სანაპირო ზოლიდან შავ ზღვაში თავდაპირველად 29, შემდეგ კი 32 კმ–ში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 5,5- 5.0 მაგნიტუდა შეადგინა. 

მიწისძვრის შემდგომი ბიძგები შესაძლოა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს. – ამის შესახებ ნეტგაზეთს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმოლოგიურ ცენტრში განუცხადეს 24 დეკემბერს.     

მასალების გადაბეჭდვის წესი