ახალი ამბები

განათლების მინისტრმა ბოლო თვეების მუშაობა შეაჯამა

26 დეკემბერი, 2012 •
განათლების მინისტრმა ბოლო თვეების მუშაობა შეაჯამა

გიორგი მარგველაშვილის თქმით, 2013 წლიდან საქართველოს რეგიონების 190 დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ 9 ათასამდე ბავშვს,

გიორგი მარგველაშვილი/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
გიორგი მარგველაშვილი/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

რომელთა ახლოს არ არის სკოლა, სასკოლო ტრანსპორტი მოემსახურება. გარდა ამისა, 70–80 ლარით გაიზრდება სკოლის მასწავლებელთა ხელფასები, ხოლო 50–60 ლარამდე იზრდება საახალწლოდ გასაცემი ერთჯერადი პრემიის ოდენობა. მარგველაშვილისვე განცხადებით, სხვადასხვა მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებში გაიხსნება სახელმწიფო საბაკალავრო პროგრამები, სადაც სწავლა იქნება უფასო, ასევე გაიზრდება სტიპენდიები და 14 მილიონით დაფინანსდება სარეაბილიტაციო სამუშაოები სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში.

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, მისი მთავარი პრიორიტეტი სამინისტროს დეპოლიტიზაციაა, რაც უკვე ხორციელდება კიდეც, გარდა ამისა, სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი კი განიხილავს იმ ასობით მასწავლებლისა და პროფესორის საქმეს, რომლებიც წინა ხელისუფლების პერიოდში თავს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულად მიიჩნევენ. მარგველაშვილის განცხადებით, თუ ეს დადგინდა, ამ ადამიანებს აღადგენენ სამსახურში.

 

განათლების მინისტრმა ასევე ისაუბრა მანდატურის სამსახურის რეფორმირებაზე, რომლის შედეგადაც მანდატურს სკოლაში აღარ ევალება მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციის კონტროლი, მის ფუნქციებში მხოლოდ სკოლის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

 

გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრო ნელა, თუმცა სტაბილურად იწყებს ზრუნვას მეცნიერების განვითარებაზე, იზრდება მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსება, ასევე დაგეგმილია რესურსცენტრების რეფორმირება და სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ზრდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი